Baby Bag

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები (პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა განახორციელონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ

საქართველოში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წლის მესამე კვარტლის საშუალო ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებს ​აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ. 

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება: 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობით დაკავებულ პირებს, ხოლო ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს აქვთ

​რაც შეეხება საქართველოში ​საშუალო თვიური ნომინალურ ხელფასს, ის გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით გაიზარდა და 1125.5 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
 

წაიკითხეთ სრულად