Baby Bag

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები (პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა განახორციელონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

​ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასის ახალი საათობრივი ბადე შევა ძალაში

​ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასის ახალი საათობრივი ბადე შევა ძალაში

ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასის ახალი საათობრივი ბადე შევა ძალაში, - ამის შესახებ Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში განუცხადეს. 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024-ში მოცემული საათობრივი ბადე მოქმედია პირველიდან მეშვიდე კლასების ჩათვლით. პირველი-მეექვსე ისედაც მოქმედი იყო, ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასი შევა ძალაში. საბაზო საფეხურის დანარჩენი კლასებისთვის (მე-8 და მე-9) და საშუალო კლასებისთვის სკოლებმა უნდა იხელმძღვანელონ 2011-2016 ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადით. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ მე-12 კლასში აბიტურის საათები უკვე გაუქმებულია,“ - აღნიშნეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში.

საათობრივი ბადე განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული და წლიური დატვირთვის ოდენობას კლასების, სემესტრებისა და საგნების მიხედვით.

წაიკითხეთ სრულად