Baby Bag

„ხელოვნება სკოლაში“ - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი

„ხელოვნება სკოლაში“ - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ეროვნულ მუზეუმში პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში:

„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ სკოლებში განათლების ხარისხის ზრდის მიმართულებით და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ პროექტში უკვე ჩაერთო ათასობით ბავშვი. სექტემბრიდან ვემზადებით ძალიან აქტიურად, რომ ამ ინიციატივაში 10 ათასობით მოსწავლე ჩაერთოს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პროექტის წარდგენისას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. 

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. პროექტი განათლების რეფორმის - „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში მაისიდან, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.

პროგრამა „სკოლა მუზეუმში“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების სასწავლო რესურსად გამოყენებას გულისხმობს. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის შეირჩა ისეთი სამუზეუმო ექსპონატები, როგორებიცაა: უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, შუა საუკუნეების უმდიდრესი მემკვიდრეობა და თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები. პროგრამა სამ მუზეუმში განხორციელდება: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში ღია ცის ქვეშ. პროგრამის განხორციელება მაისიდან საპილოტე რეჟიმში დაიწყო და მასში მონაწილეობა უკვე თბილისის სხვადასხვა სკოლის VII-XI კლასის 808 მოსწავლემ მიიღო.

პროგრამა - „სკოლა თეატრში“ ითვალისწინებს საქართველოს წამყვანი თეატრების რეპერტუარიდან მოსწავლეთათვის ისეთი სპექტაკლების ჩვენებას, რომლებიც ახლოსაა მათ სასწავლო პროგრამასთან. მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სცენის მიღმა მიმდინარე პროცესებს, სპექტაკლის შემდეგ გაეცნონ მსახიობებს, შექმნან სპექტაკლის შესახებ რეცენზიები. მაისიდან პროგრამა საპილოტე რეჟიმში კოტე მარჯანიშვილის, ქუთაისის ლადო მესხიშვილისა და შოთა რუსთაველის თეატრებში ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 4000-მდე მოსწავლემ მიიღო.

პროგრამა „კინო სკოლაში“ კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. სკოლებში კვირაში ერთხელ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმება, რომლის დროსაც მოსწავლეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას კინემატოგრაფიის შესახებ და ნახავენ სპეციალურად შერჩეულ ქართულ და უცხოურ ფილმებს. ჩვენების ბოლოს მოეწყობა დისკუსია. ჩვენებების ორგანიზებასა და სკოლებში კვალიფიციური კინოსპეციალისტების მივლენას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში ​გამოქვეყნდა. ცვლილების თანახმად, საგნობრივ ჯგუფებში გაერთიანებული საგნების ჩამონათვალი შემდეგნაიარად ჩამოყალიბდა.

საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);

ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);

გ) ისტორია (მოიცავს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის საკითხებს და ისწავლება VII-XII კლასებში);

დ) გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);

ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები).“.

2. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);

ბ) ბიოლოგია (ისწავლება VII-XII კლასებში);

გ) ფიზიკა (ისწავლება VII-XII კლასებში);

დ) ქიმია (ისწავლებაVIII-XII კლასებში).“.

3. 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოიცავს სავალდებულო საგანს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);

ბ) მუსიკა (მოიცავს სავალდებულო საგანს მუსიკაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში).“.

4. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად:

„4. ქართული ენა და ლიტერატურა საშუალო საფეხურზე“.

5. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად:

„4. ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საშუალო საფეხურზე“.

6. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად:

„3. მათემატიკა საშუალო საფეხურზე“.

7. 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად:

„3. მშობლიური ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისთვის საშუალო საფეხურზე”.

8. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად:

„3. პირველი უცხოური ენა საშუალო საფეხურზე”.

9. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად:

„3. მეორე უცხოური ენა საშუალო საფეხურზე”.

10. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №7-ის შესაბამისად:

„3. საზოგადოებრივი მეცნიერებები საშუალო საფეხურზე”.

11. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად:

„3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები საშუალო საფეხურზე”.

12. 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად:

„3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება საშუალო საფეხურზე”.

13. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №10-ის შესაბამისად:

„3. მუსიკა საშუალო საფეხურზე”.

14. 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №11-ის შესაბამისად:

„3. ფიზიკური აღზრდა და სპორტი საშუალო საფეხურზე“.

1. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისთვის გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წაიკითხეთ სრულად