Baby Bag

„ვერ დაველოდებით 2022 წელს, საბაზო ხელფასისა და სტატუსის დანამატების ეტაპობრივი ზრდის პროცესი უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ“ - პედაგოგთა პროფკავშირი

„ვერ დაველოდებით 2022 წელს, საბაზო ხელფასისა და სტატუსის დანამატების ეტაპობრივი ზრდის პროცესი უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ“ - პედაგოგთა პროფკავშირი

პედაგოგთა პროფკავშირი განათლების რეფორმის საკითხებზე მინისტრის ​განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროექტის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით განხილვები ჰქონდათ, გარკვეული ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია სამინისტროს მხრიდან და პროფკავშირი მთლიანობაში პრინციპებს ეთანხმება.

„ჩვენ, მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული სქემის ცვლილებების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების პროცესში.

ცხადია, მრავალ კითხვას გააჩენს და აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს პენსიონერ პედაგოგებთან დაკავშირებული მიდგომები. ალბათ იქნება ნეგატიური შეფასებებიც, რომ სახელმწიფო ზედმეტ ყურადღებას იჩენს პენსიონერი მასწავლებლებისადმი, სხვა სფეროს დასაქმებულ პენსიონრებთან შედარებით და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ათეული წლების განმავლობაში, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 2-ჯერ ნაკლებია საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასზე და იგი ბევრად ჩამორჩება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს.

ალბათ, უნდა მივესალმოთ საქართველოს მთავრობის ჰუმანურ გადაწყვეტილებას, დაბალ ანაზღაურებაზე ათეულობით წლებით განმავლობაში მომუშავე ღვაწლმოსილი პედაგოგების ამგვარი დაფასებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჯილდოს თანხა მინიმალურია.

რაც შეეხება მასწავლებელთა გამოცდებს: დადგა დრო, ყველა პედაგოგმა დაადასტუროს კომპეტენცია და პედაგოგთა კორპუსი ამისათვის მზად არის.
შემოთავაზებულ ცვლილებებში მასწავლებელთა შრომითი და სამართლებრივი უფლებები დაცულია. მასწავლებლებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, დარჩნენ პროფესიაში, თუ გავიდნენ პროფესიიდან. ახლა მთავარია, შემუშავდეს ისეთი ნორმატიული აქტები, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების ობიექტურ განხორციელებას პრაქტიკაში.

უმნიშვნელოვანესია, პროფესიაში არ შეიქმნას დეფიციტი და არ დაზარალდეს სასწავლო პროცესი. ბევრი მუშაობა მოგვიწევს მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლის და კარიერული წინსვლის პროცესებთან დაკავშირებული საკანონდებლო ბაზის სრულყოფაზე.

პედაგოგთა პროფკავშირის ძირითადი მოთხოვნაა ეტაპობრივად გაიზარდოს მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რასაც 2014 წლიდან ვითხოვთ. პრემიერ მინისტრისა და განათლების მინისტრის განცხადების საფუძველზე 2022 წლიდან მასწავლებლის ხელფასი იქნება 1500 ლარი და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც. ვერ დაველოდებით 2022 წელს, მიგვაჩნია, რომ საბაზო ხელფასისა და სტატუსის დანამატების ეტაპობრივი ზრდის პროცესი უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ,“ - წერია პედაგოგთა პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გადამზადების შედეგად მასწავლებელების ნაწილმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მიიტანა“- ეკატერინე დგებუაძე

„გადამზადების შედეგად მასწავლებელების ნაწილმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მიიტანა“- ეკატერინე დგებუაძე

„გადამზადების შედეგად მასწავლებელების ნაწილმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მიიტანა“, - ამის შესახებ  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ​„ახალი სკოლის მოდელს“ განიხილავენ.

მან წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები და ის აქტივობები, რომლებიც გაკეთდა 2019 წელს „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ 165 საპილოტე სკოლაში.

„საქართველოში არსებულ 2083 სკოლაში, ყველა სკოლაში ერთდროულად დავიწყებთ მასწავლებლების გადამზადებას. ვამზადებთ ძალიან ბევრი წელია, მაგრამ გადამზადების შედეგად მასწავლებელმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მოიტანა. შეიძლება მოიტანა, ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ მთლიანი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, არის საკმაოდ რთული მდგომარეობა. შეიძლება იმეცადინა, ისწავლა, მაგრამ გაკვეთილზე როგორ განახორციელოს ის მიღებული ცოდნა, გადასცეს, დაგეგმოს, უკვე პრაქტიკაში გადაიტანოს, აღმოჩნდა, რომ მასწავლებლებს ეს უნარი არ აქვთ. მასწავლებელს სჭირდებათ, ვიღაცამ ველზე, გაკვეთილზე კეთებით ასწავლოს ის ცოდნა, რა ცოდნასაც იღებს გადამზადების პროცესში“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზესადაც „ახალი სკოლის მოდელს“ განიხილავენ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად