Baby Bag

განათლების სამინისტრო სკოლებში თავისუფალ დასწრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო სკოლებში თავისუფალ დასწრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

„წელს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება. ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება.

რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებს, როგორც ცნობილია ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი გრაფიკით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებოდა, აუცილებელი ხდებოდა გაცდენების ზღვრულ ოდენობაზე მეტის მქონე მოსწავლეების ექსტერნატის წესით შეფასების პროცესი ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, სამინისტროს გადაწყვეტილებით მე-12 კლასელებისთვის, ყოველწლიურად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიშვებოდა და ამ პერიოდში მათ მიერ გაცდენილი საგაკვეთილო საათები უკვე დაგროვილი გაცდენების რაოდენობას არ ემატებოდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 


შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტრო მორიგ კონკურსს აცხადებს

განათლების სამინისტრო მორიგ კონკურსს აცხადებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების მიზნით კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს. დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა დაწესებულებებმა პარტნიორ საჯარო სკოლასთან/სკოლებთან ერთად უნდა შეიმუშავონ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: 

1. საკონკურსო განაცხადის ფორმა და დანართი (ბიუჯეტი)

2. შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია

3. პარტნიორ საჯარო სკოლასთან/სკოლებთან გაფორმებული მემორანდუმები

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 8 აპრილი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - პროფესიული განათლება სკოლაში.

წაიკითხეთ სრულად