Baby Bag

რატომ არის აუცილებელი თეატრში სიარული ბავშვებისთვის?

რატომ არის აუცილებელი თეატრში სიარული ბავშვებისთვის?

რატომ არის აუცილებელი თეატრში სიარული ბავშვებისთვის? – ამ თემაზე გვესაუბრება სოციალური პედაგოგი და მოზარდთა განვითარების სპეციალისტი დიანა მაკალათია.

თეატრი მხოლოდ გართობის საშუალება არ არის, ის სულის საზრდოა, რომელიც მოზარდების სრულყოფილი და ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია. ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება მცირე ასაკიდან იწყება. არსებობს რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა ატაროთ მოზარდები თეატრში:

თეატრში სიარული, სპექტაკლებზე დასწრება პირველ რიგში უვითარებს ბავშვებს გარკვეულ მანერებს, აჩვევს საზოგადოების სხვადასხვა წესს, მაგალითად იმას, რომ სპექტაკლის მსვლელობის განმავლობაში არ შეიძლება ტელეფონის გამოყენება, საუბარი, სიარული, არაეთიკურად მოქცევა. ამ დროს ხდება დაკვირვება და ქცევათა დასწავლა გარემოებების მიხედვით. ამასთანავე მათ უმუშავდებათ ნებისყოფის, შინაარსზე ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უნარიც, თუმცა აუცილებელია სპექტაკლი ასაკობრივად ზუსტად იყოს მორგებული ბავშვზე.

თეატრი გვეხმარება დივერგენციული აზროვნების განვითარებაში. ეს გულისხმობს პრობლემის სხვადასხვაგვარი უჩვეულო გადაწყვეტის უნარს. დივერგენციული აზროვნება კონცენტრირდება ალტერანტიული პასუხების დიდი რაოდენობის წარმოქმნაზე, მათ შორის ორიგინალური, მოულოდნელი ან უჩვეულო იდეების ჩათვლით. ამრიგად, დივერგენიცული აზროვნება ასოცირდება შემოქმედებითობასთან. ამ ტიპის აზროვნებას კრეატიულსაც უწოდებენ, რადგან გამოირჩევა იდეების სიმდიდრითა და აზრის ორიგინალურობით.

ასე რომ, თეატრი წარმოსახვის განვითარებას ხელს უწყობს, ბავშვმა შესაძლოა სპექტაკლის შემდეგ გამოთქვას ინიციატივა საყვარელი გმირებისთვის კოსტუმების შექმნის, ან დახატოს ილუსტრაცია, გაუჩნდეს რომელიმე საკრავზე დაკვრის ან ცეკვის ინტერესი, ასევე შეიძლება მსახიობობაც მოუნდეს და მინი სპექტაკლები ჩაატაროს სახლში. მნიშვნელობა ენიჭება აქ ზუსტად იმას, რომ ბავშვს ინტერესები უჩნდება, რაც მომავალში პოზიტიურად იმოქმედებს მის ცხოვრებაზე.

გთავაზობთ აქტივობას, რომელიც ჩემმა მოსწავლეებმა ცენტრში განახორციელეს, თუ მშობელი ბრძანდებით ან მასწავლებელი, შეგიძლიათ თქვენც დაამზადებინოთ მუყაოს ყუთისგან თეატრის მინი მაკეტი და სხვადასხვა მიზნით გამოიყენოთ, დადგათ საბავშვო სპექტაკლები ქართულ თუ უცხოურ ენაზე, გაიუმჯობესოთ როგორც ენობრივი უნარები, ასევე შემოქმედებითი.

თეატრში ვიზიტი მშობლებისთვის ასევე შესანიშნავი საშუალებაა ახლო კონტაქტი დაამყარონ შვილებთან, გააღრმავონ კომუნიკაცია, თუ გადატვირთული სამსახურის გამო ვერ ახერხებთ სათანადო დრო დაუთმოთ შვილებს, თეატრი მოგცემთ ერთად სასიამოვნოდ დროის გატარების საშუალებას, რომელიც გაჯერებულოი იქნება დიალოგებით, დისკუსიით, სპექტაკლის მიმოხილვით და ა.შ

თეატრი ასევე სოციალური უნარების გაუმჯობესებისთვისაც საუკეთესო გზას წარმოადგენს. ბავშვები სხვადასხვა გათამაშებული სიუჟეტის მეშვეობით სწავლობენ ადამიანთა ემოციების შესახებ, ხდებიან მეტად ემპათიურები, მათ შესაძლოა გაიგონ ისეთი ემოციების/სიტუაციების შესახებაც, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არ განუცდიათ, მაგ: ძალადობა, სიკვდილი, ბულინგი და ა.შ დაინახონ სამყაროს ორი ურთიერთსაპირისპირო ძალა: სიკეთე და ბოროტება.

თეატრი ამბავს გვიყვება, ამბის თხრობა კი ეხმარება ბავშვებს ენობრივი უნარების გაუმჯობესებაშიც. თეატრალურმა პერფორმანსებმა შესაძლოა კომუნიკაციური უნარებზე დადებითად იმოქმედოს. სპექტაკლი ნამდვილად მოგვწყვეტს დროებით მაინც ტექნოლოგიურ სამყაროსგან, რომელიც ხშირად აფერხებს მოზარდის განვითარებას, მცირე ასაკიდან უყალიბდებათ ბავშვებს ტელეფონებისადმი ადიქცია, ამიტომ მსგავსი გასვლითი დღეები მათთვის განტვირთვასთან ერთად არის საშუალება რეალური სამყარო დაინახონ ისეთი როგორიც ნამდვიალდ არის.


შეიძლება დაინტერესდეთ

გაკვეთილის გეგმის ფორმა ონლაინ და პირისპირ დაკვირვების შემთხვევაში არის ერთი - მასწავლებლის სახლის რეკომენდაციები გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით

გაკვეთილის გეგმის ფორმა ონლაინ და პირისპირ დაკვირვების შემთხვევაში არის ერთი - მასწავლებლის სახლის რეკომენდაციები გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით

მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლის რეკომენდაციებს აქვეყნებს. ამასთან როგორც იგი აღნიშნავს, რეგისტრაცია უნდა გაიაროს ყველამ, ვინც აკმაყოფილებს გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, წინა სემესტრში იყო თუ არა დარეგისტრირებული.

„1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, eschool-ის ელექტრონულ სისტემაში ჩაირთვება გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია. რეგისტრაცია უნდა გაიაროს ყველამ, ვინც აკმაყოფილებს გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, წინა სემესტრში იყო თუ არა დარეგისტრირებული.
აქვე, ჩვენთვის ყველაზე ხშირად დასმული კითხვების გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ მასწავლებლის სახლის რეკომენდაციებს გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით:
  • მასწავლებელი რეგისტრაციას გადის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი/საგნობრივი ჯგუფში, რომელსაც ასწავლის. რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოთ კლასი, რომელშიც სურთ გარე დაკვირვების გავლა და საგნის შესაბამისი საათობრივი დატვირთვა კვირის განმავლობაში; იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ შერჩეულ კლასში მიმდინარეობს დისტანციური სწავლება. რეგისტრაციის დროს, შენიშვნის ველში ჩაწერეთ ონლაინ გაკვეთილების განრიგი, ასევე მიუთითეთ ის ელექტრონული პლათფორმა, რომელზეც ატარებთ გაკვეთილს.
  • თუ მასწავლებელი დასაქმებულია, ორ ან მეტ სკოლაში, გარე დაკვირვების ველი გაეხსნება მხოლოდ იმ სკოლაში, სადაც სქემაშია ჩართული. თუ სკოლის ცვლილება გსურთ, მიმართეთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
  • იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი წინა სასწავლო წელს უარყოფითად შეფასდა, რეგისტრაციის დროს აუცილებლად უნდა ატვირთოთ ხელმეორედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ​საბანკო რეკვიზიტები).
  • რეგისტრაციის დასრულებიდან უმოკლეს ვადაში აგესახებათ დაკვირვების პერიოდი. დაკვირვების პერიოდის დაწყებამდე, 5 სამუშაო დღით ადრე, ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოთ 5 თანმიმდევრულად ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. გაკვეთილის გეგმის ფორმა ონლაინ და პირისპირ დაკვირვების შემთხვევაში არის ერთი (იხ. ​გაკვეთილის გეგმის ფორმა).
  • გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ, ერთი დღით ადრე ვაცნობებთ შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და რესურსცენტრს. ონლაინ გაკვეთილის შემთხვევაში მინიმუმ ნახევარი საათით ადრე გაკვეთილის დაწყებამდე, რათა შეძლოთ წინა საგაკვეთილო შეხვედრის ჩატარება.
  • იმ შემთხევაში, თუ გაკვეთილის ჩატარებამდე შეიცვლება გაკვეთილზე დაკვირვების ფორმატი, შეცვლილი გაკვეთილის ფორმები, შეგიძლიათ გარე დამკვირვებლებს გადასცეთ წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე, ხელმეორედ ატვირთვა არ არის საჭირო.
  • ონლაინ და პირისპირ ჩასატარებელი გაკვეთილის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სკოლა, გარე დაკვირვების გაკვეთილის ხანგრძლივობა უნდა იყოს სკოლაში განსაზღვრული დროის შესაბამისი.
  • დისტანციური დაკვირვების შემთხვევაში, გაკვეთილი შეფასდება ონლაინ გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკით. პირისპირ გაკვეთილზე დაკვირვების რუბრიკას (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელებული ცვლილებებით უმოკლეს ვადაში მიღებთ სკოლებში.
  • გარე დაკვირვების გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თითოეულს,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა სოციალურ ქსელში.

წაიკითხეთ სრულად