Baby Bag

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილებათა თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი − გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

აღნიშნული მსგავსად გავრცელდება 2025-2026 სასწავლო წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდებისათვის ზედმეტად (შეცდომით) გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდებისათვის ზედმეტად (შეცდომით) გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად (შეცდომით) გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მინდელის ქ. N9) 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით.
განცხადებას უნდა დაერთოს:
  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა).
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.
განაცხადის ფორმა

გაითვალისწინეთ!

საფასური სრულად ბრუნდება:
  • თუ პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ან სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში ან 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
  • თუ პირი არ დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, ან 2020 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე;
  • თუ მასწავლებლობის მსურველი არ დარეგისტრირდა დადგენილ ვადებში, ან 2020 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარი განაცხადა საგნის ტესტირებაში მონაწილეობის მიღებაზე.
  • თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს;
  • თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

წაიკითხეთ სრულად