Baby Bag

ბიბლიოთეკების როლი ბავშვის განვითარებაში

ბიბლიოთეკების როლი ბავშვის განვითარებაში

„მე ბიბლიოთეკებმა აღმზარდეს, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების არ მწამს. მე ვენდობი ბიბლიოთეკებს. სტუდენტთა უმეტესობას ფული არასდროს გვოქნია საკმარისი, სკოლის დამთავრება დეპრესიისა და სიღარიბის პერიოდს დაემთხვა, არ შემეძლო კოლეჯში მევლო, ამიტომკვირაში სამ დღეს ბიბლიოთეკაში ვატარებდი, ასე ხდებოდა ათი წლის მანძილზე“ (რეი ბრედბერი „ნიუ იორკ თაიმსი“.)

„შენ ვერ ისწავლი წერას კოლჯეში, ეს ძალიან ცუდი ადგილია ამისთვის, მასწავლებლებს ყოველთვის გონიათ შენზე მეტი იციან, არადა ეს ასე არაა. ისინი წინასწარ ქმნიან განწყობებს შეფასებისთვის, შესაძლოა მათ ჯონ ირვინგიც მოსწონდეთ, მე კი მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი მგონია. ვერც გამიგია რა მოსწონთ იმ წიგნებში, რომელსაც უკანასკნელი 30 წელიწადია სკოლებში თავგამოდებით ასწავლიან. ბიბლიოთეკებს ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ, შეგიძლია ინტერპრეტაცია, ისე რომ სხვამ არ გიკარნახოს თუ როგორ იაზროვნო, აქ შენ თავად ხდები ახლის აღმომჩენი“. (რეი ბრედბერი.)

„მე მივიღე განათლების საფუძვლები სკოლიდან, მაგრამ ეს საკმარისი არ ყოფილა, ჩემი ნამდვილი „განათლების“, ცოდნის როგორც დეტალური არქიტექტურის კონსტრუირება ბიბლიოთეკამ მოახდინა. ღარიბი ბავშვისთვის, რომლის ოჯახს წიგნების ყიდვის საშუალება არ ჰქონია, ბიბლიოთეკა იყო ღია კარი საოცრებების აღმოჩენის.“

ისააკ აზიმოვი „მე, აზიმოვი“

კითხვა თავისთავად მნიშვნელოვანია ბავშვის წარმატებისთვის, ამიტომ ბიბლიოთეკების როლი მათ განვითარებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადგილს იკავებს. ტექნოლოგიების ეპოქაში ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს, უჩნდებათ კითხვა, თუ როგორ შეიძლება ბიბლიოთეკებმა დღეს გავლენა მოახდინონ ბავშვებზე, თუმცა, ფაქტია, რომ ყველაფრის მიუხედავად „ცოცხალ რესურსთან“ შეხება ის პროცესია, რომელიც ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს. ბიბლიოთეკები ხელმისაწვდომს ხდიან ყველა რესურსს, რაც სასარგებლოა ჩვენი შვილებისთვის, სპეციალისტების აზრით, სასურველია ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ ბავშვები ბიბლიოთეკაში სიარულს, თუ რატომ ამას ქვემოთ მოგახსენებთ:

პირველ რიგში, პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებისთვის.

წესები, რომლითაც ბიბლიოთეკაში გაწევრიანების შემდეგ ვხელმძღვანელობთ, ბავშვს ეხმარება ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობის განცდა. მან უნდა შეძლოს გატანილი წიგნის დროულად უკან დაბრუნება, შეინახოს და არ დაკარგოს ბარათი, რომლის გარეშეც ვერ ისარგებლებს ბიბლიოთეკის მომსახურებით.

შვილთან ერთად ბიბლიოთეკაში სიარულით თქვენ უყალიბებთ მას განცდას, რომ კითხვა არის ბუნებრივი პროცესი ადამიანებისთვის. როცა ისინი ადრეული ასაკიდანვე იგებენ, რომ კითხვა არის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ ჩვევად ექცევათ ეს და უფრო უმარტივდებათ კითხვის პროცესი, შედეგად კი გამოიმუშავებენ ისეთ უნარებს, რაც ხელს უწყობს კითხვის, წერის და მეტყველების განვითარებას.

ყველაზე ძვირფასი, რაც ბიბლიოთეკებს აქვთ არის ის, რომ ისინი უფასოა, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ბავშვები ზაფხულში დასასვენებლად მიგვყავს, შეგვიძლია გამოვიტანოთ წიგნები და ვამოგზაუროთ ჩვენთან ერთად ბანაკებში, ზღვაზე თუ მთაში. საზღვარგარეთ ბევრი ბიბლიოთეკა სთავაზობს მკითხველს გასართობ ღონისძიებებს, სადაც შეგვიძლია ვუყუროთ ფილმს, დავესწროთ თეატრალურ წარმოდგენებს და ა.შ აქ შეგვიძლია ასევე ვისარგებლოთ დაპროგრამებული რობოტებით, სპორტული აღჭურვილობით, ტელესკოპებით და მხიარული აქტივობით დავკავდეთ, ზოგიერთი ბიბლიოთეკა გვთავაზობს ფასდაკლებებს მუზეუმებისა და პარკებისთვის, სადაც მთელ ოჯახს შეუძლია ნაყოფიერად დროის გატარება.

არჩევანის თავისუფლება შემდეგი ფაქტორია თუ რატომ უნდა ესტუმროს თვქენი შვილი ბიბლიოთეკას. ფაქტია, რომ ბავშვებს უფრო მეტად მოსწონთ, როცა თავად არჩევენ წასაკითხ მასალას. განათლების ექსპერტებიც ამტკიცებენ, რომ როცა ბავშვს მეტი არჩევანის შესაძლებლობა აქვს და ასევე კონტროლის თუ რას სწავლობს, მნიშვნელოვნად იზრდება მოტივაცია და ჩართულობა ცოდნის მიღების პროცესში. ბიბლიოთეკა აძლევს მოსწავლეს იმის დანახვის შესაძლებლობას, რომ ისინი თამაშობენ გადამწყვეტ როლს საკუთარი განათლების ფორმირებაში, სწორედ არჩევანის თავისუფლება, რომელსაც ბიბლიოთეკა სთავაზობს სტუმარს, აყალიბებს მას დამოუკიდებელ მკითხველად.

ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა იარონ ბავშვებმა ბიბლიოთეკებში არის ისიც, რომ ისინი იღებენ აქ დახმარებას საჭირო რესურსის მიღებისთვის. მცოდნე პროფესიონალს შეუძლია მარტივად, ნებისმიერ თემაზე სასურველი წიგნის მოძებნაში დაგეხმაროთ, ვებსაიტების ნაცვლად ინტერაქცია ცოცხალ ადამიანთან, რომელმაც უკეთ იცის ბავშვის მოთხოვნები და საჭიროებები უფრო პოზიტიურ შედეგს გვაძლევს. ბიბლიოთეკარს შეუძლია პირადი გამოცდილებებიდანაც მოგვცეს რჩევა, ინდივიდუალური რეკომენდაციები გასცეს და ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, მშობელსაც ასწავლოს ის, თუ როგორ დაეხმაროს ბავშვს იმაში, რომ მას კითხვა მეტად შეუყვარდეს.

სანამ გადაწყვეტ ბიბლიოთეკაში შვილი გააწევრიანოთ (იგულისხმება დაახ. 3-7 წლამდე ასაკის ბავშვები), გაესაუბრეთ ბავშვს და აუხსენითმისი მნიშვნელობა, მაგალითად: „ეს არის ადგილი, სადაც შენ შეგიძლია ამოირჩო რამდენიმე წიგნი გარკვეული დროით, შემდეგ კი აუცილებელია უკან დავაბრუნოთ იმისთვის, რომ სხვამაც წაიკითხოს, ეს არის მშვიდი და წყნარი ადგილი, სადაც არ შეგვიძლია ყვირილი, სირბილი და მსგავსი ქმედებები“

როცა ესტუმრებით ბიბლიოთეკას და მიხვალთ ბავშვთა წიგნების განყოფილებასთან, მიეცით დრო მას, რომ გადახედოს იქ არსებულ წიგნებს, დაათვალიეროს ყურადღებით. თქვენც დააკვირდით თუ რა წიგნებით დაინტერესდება, შემდეგ შეგიძლია დაუსვათ კითხვა, რომელიც მასში ინტერესს აღძრავს: “ეს საინტერესო წიგნი ჩანს, რას ფიქრობ რის შესახებ შეიძლება იყოს ის?“ეცადეთ ერთად გადაწყვიტოთ თუ რომელ წიგნს აიღებთ წასაკითხად.

მე გირჩევთ წიგნს „პეპი გრძელწინდა“ 7 წლიდან, თუ რატომ ამას ქვევით წაიკითხავთ

წიგნის ავტორი ასტრიდ ლინდგრენი არის კულტურული ფიგურა, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და თარგმნადი ავტორი, 1907 წლიდან მის გარდაცვალებამდე (2002 წლამდე) დაწერილი აქვს 34წიგნი, ასევე 41 ილუსტრირებული წიგნი, მისი წიგნების მიხედვით დაწერილია სცენარები თეატრისა და კინოსთვის, შვედეთში მისი სახელობის მუზეუმებსა და პარკებსაც შეხვდებით. ის გამოჩნდა როგორც ფემინისტების ხატი წიგნში „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“. ის იყო ბავშვთა უფლებების დაცმველი, პაციფისტი, გენდერული თანასწორობის მომხრე, გარემოსდამცველი და ცხოველთა უფლებებისთვის მებრძოლი, ეწინააღმდეგებოდა ტოტალიტარულ სისტემა.

„პეპი გრძელწინდა“ გამოიცა 1940 წელს, მთავარი გმირი პეპი გახდა როლური მოდელი არამხოლოდ შვედი გოგონებისთვის, არამედ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის კუთხით.

პეპი არის უნიკალურ პერსონა, რომელიც მთლიანად ანტიპოდია მისი მეგობრების ანიკასი და ტომის, რომლებიც სტერეოტიულ ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, ისინი წარმოადგენენ ტრადიციულ მოდელებს ფემინურობისა და მასკულინობის, რასაც მოითხოვდნენ იმ დროს ბავშვებისგან, პეპი სრულიად ადრეული ასაკიდან ამსხვრევს ქალისა და კაცის ტიპიურ გენდერულ როლებს. 9 წლის პეპის, რომელიც ცხოვრობს ორფჰანში, არ ყავს დედა და არც მამა, შესაძლოა მკითხველის მიერ ჩაითვალოს ტრაგიკულ გმირად და ასევე მსხვერპლადაც, მაგრამ ის აშკარად სხვას ამტკიცებს, კერძოდ იმას, რომ ის არის დამოუკიდებელი გოგო, რომელსაცთავად შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა.

პეპი არღვევს სტანდარტებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გოგოები და ასე ხდება ფემინისტი გმირი, რომელიც გახდა ქალთა მოძრაობისთვის როლური მოდელი, ეს გმირი გამოხატავს იმას, რასაც დღეს ბევრი მშობელი მოუწოდებს ბავშვს, იყოს ძლიერი, მამაცი, უშიშარი, მეამბოხე და ა.შ

პეპი, რომელიც არის დამოუკიდებელი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ასწავლის ბავშვებს როგორ დაიცვან საკუთარი თავი, უარი თქვან ავტორიტარულ რეჟიმზე, მისი ერთმანეთთან შეუსაბამო ფერის წინდები, ნარინჯისფერი თმა და ჭორფლიანი სახე ის ნიშნებია რითიც უპირისპირდება სტერეოტიპლ ხედვებს გოგოებზე, რომლებისგანაც მოითხოვენ უნიფორმულ სილამაზეს, კარგად მოქცევას, „ქალურ“ მანერებს. ამის საპირისპიროდ ის არის ძლიერი გოგო, რომელიც ყოველთვის სიკეთის მხარესაა, სუსტის და ჩაგრულის.

ავტორი: უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს უნდა აუკრძალო, აკრძალვები ბავშვს ზრდის, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს საზრისი,“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი ბავშვის სწორად აღზრისთვის წესრიგის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შვილები წესრიგს აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ:

„პედაგოგი ის კი არ არის, ვინც ინფორმაციას კარგად ფლობს, არამედ ის, ვისაც უყვარს ეს ინფორმაცია. ხდება არაცნობიერი გადაცემა, დაინტერესება, ბავშვი გრძნობს ამას. მომვლელები, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ასეთ რამეს მეუბნებიან: შვიდ საათზეა საჭმელი, ბავშვმა არ შეჭამა, მოვიდა რვის ნახევარზე და ითხოვს ჭამას. მას უარს ეტყვიან, რადგან ჭამა უწევდა შვიდზე და არ შეჭამა. მისცემენ კეფირს, ან რამე მსუბუქს და გაუშვებენ დასაძინებლად. გამორიცხულია, რომ მას ამ დროს აჭამონ. ჩვენ თავისუფლება, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, გავიაზრეთ, როგორც წესებისგან თავისუფლება, აღვირახსნილობა.“

რეზო კორინთელის თქმით, ბავშვი რომ განვითარდეს, მას რაციონალური აკრძალვები უნდა დავუწესოთ:

„ბავშვს უნდა აუკრძალო. დოლტო წერდა (ფრანგული სკოლა), რომ აკრძალვები ბავშვს ზრდის. ამ აკრძალვებს უნდა ჰქონდეს საზრისი, თუ რატომ კრძალავ რაღაცას. უნდა აუხსნა ბავშვს, რომ ეს არ შეიძლება. ჩვენთან ბავშვი დაგეჯახება, გაგწევს, არ აქვს რიდი, იმიტომ, რომ იქვე დედა დგას, რომელიც ამბობს: „არაუშავს დაეჯახა, მოდი, გენაცვალე.“ ის ბავშვს წესრიგს არ აზიარებს.“

რეზო კორინთელი აცხადებს, რომ საქართველოში მამა დასუსტებულია, რაც წესრიგის ნაკლებობას განაპირობებს:

„ ჩვენთან მამა დასუსტებულია. მამას მოაქვს წესრიგი. თეთრ სახლთან პიონერებივით დგანან ბავშვები. პედაგოგს შეჰყავს თეთრ სახლში და უხსნის, სად იჯდა ლინკოლნი. ეს ბავშვები პატივს სცემენ თავიანთ მამებს. იქ ძლიერი მამები არიან. ვინ იტყვის ზედმეტს მამებზე?! მათ აქვთ წესრიგი, ჩვენ ეს არ გვაქვს. ჩვენ წესებს არ ვემორჩილებით.“

„თუ პედაგოგი თავის პირად აჩრდილს ფლობს, ეს ბავშვებზე გადადის. ბავშვი გრძნობს, რომ მასწავლებელი სამართლიანია. ბავშვი გრძნობს, რომ პედაგოგი ჩამქრალი თვალებით არ უყურებს და ანთებული აქვს თვალები, ამ დროს ბავშვიც აენთება. თუ პედაგოგი ამბობს: „ხომ იცი, დღეს რა დროა, ფული წყვეტს ყველაფერს,“ ის გასაგდებია სკოლიდან. წარმოიდგინეთ, რას ავრცელებს ბავშვებში. იმავეს ავრცელებს მშობელიც. არ ეუბნება პირდაპირ, მაგრამ ჟესტით გამოხატავს: „ჰა, შენ მანქანა.“ ამით შენ ანებივრებ მას, აფუჭებ, რომ ის მოქალაქე კი არ გახდეს, საზოგადოებისთვის სასარგებლო, არამედ სხვებისგან მოითხოვოს ყველაფერი. ყველას უთხრას: „მომე, მომე, მომე.“ რამდენი მშობელი იქცევა ასე, იმიტომ, რომ თვითონ სჯერა ამის,“ - აღნიშნავს რეზო კორინთელი.

წყარო: ​აზროვნების აკადემია



წაიკითხეთ სრულად