წერა, ისევე როგორც სხვა უნარები, ბევრი პრაქტიკისა და ცოდნის შედეგად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. ეს ტექნიკური უნარია, რომელიც სიტყვების გამოყენებით ეფექტურ კომუნიკაციაში გვეხმარება, ის მოიცავს გრამატიკას, ლექსიკას, წინადადების წყობას, შემადგენლობას, კვლევას და ა.შ თითოეულმა კომპონენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს წერის ხარისხზე. დღეს, წერის კარგი უნარი ნებისმიერი სამსახურისთვის საჭიროა, რადგან ის ეფექტური კომუნიკაციის ფორმას წარმოადგენს, კარგი წერითი უნარი დაგეხმარება შენი ფიქრები აზრიან მესიჯად აქციო, გააზიარო იდეები, ააწყო ურთიერთობები. არსებობს სხვადასხვა სტრატეგია წერითი უნარის განსავითარებლად.
მითია ის ფაქტი, რომ მწერლებს თავიანთ საქმეში მუზები ეხმარებიან, წერა არის რუტინა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ვარჯიშს, სწორედ ბევრი მუშაობა აძლიერებს მწერალს და ხდის მას პროფესიონალად. როგორც პიანისტი მეცადიონეობს საათობით დაუღალავად ან მოცეკვავე, რომელიც ფიზიკურ აქტივობებს ყოველ დღე ერთი და იგივე მონდომებით იმეორებს, ასევეა მწერალიც, რომელიც განუწყვეტლივ მუშაობს თვითგანვითარებაზე.
გთავაზობთ მარტივ სავარჯიშოებს, რათა გაიუმჯობესოთ შემოქმედებითი წერის უნარი.
შეგრძნებებიდან - ყნოსვა, სმენა, გემოვნება, შეხება ამოირჩიეთ ერთ-ერთი, შემდეგ აღწერეთ თუ რას გრძნობთ ახლა ამ ორგანოს მეშვეობით. მაგ. ხედავ ცას ფანჯრიდან ან გესმის საათის ტიკტიკი თუ ტრანსპორტის მოძრაობის ხმაური. აღწერე რაც შეიძლება მეტი დეტალი 30 წამში
ჩართეთ სიმღერა რომელიც გიყვართ და შეეცადეთ დაწეროთ თუ რას გრძნობთ: ბედნიერებას, სევდას, იმედგაცრუებას, ასევე გაქვთ თუ არა რაიმე მოგონება ამ სიმღერასთან დაკავშირებული
გადაშალეთ ლექსიკონი, თვალდახუჭულმა ამოირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა და დაწერეთ მის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სიტყვა იქნება ეს,დააკვირდით რამდენის დაწერას შეძლებთ 30 წამში
გაიხსენეთ განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დღე თქვენი ცხოვრებიდან. დაწერეთ თუ რითი იყო ეს დღე განსაკუთრებული? რას აკეთებდით ამ დღეს და რას მიიჩნევდით საუკეთესო მომენტად
იფიქრეთ განვლილ დღეზე და შეეცადეთ ერთი ფრაზით შეაჯამოთ. მაგ. “საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში”, “სრული კატასტროფა”, ლამაზი და პროდუქტიული”. მსგავსადვე დაწერეთ გუშინწინდელ დღეზე და იმის წინანდელზეც, სანამდეც გაწვდება თქვენი მეხსიერება
დაწერეთ 5 სიტყვიანი წინადადება. ახლა კი სწრაფად შეცვალეთ ერთი სიტყვა წინადადებაში, მაგალითად:
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა კატა
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე დავკარგე ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე მენატრება ჩემი ფუმფულა ჩუსტები
ვნახოთ რამდენ წინადადებას შეადგენთ ნახევარ წუთში
შეარჩიეთ 2 საგანი, რომელიც თქვენს ოთახშია ამ წუთას. დადეთ გვერდიგვერდ და დაწერეთ მოკლე დიალოგი ამ ორ საგანს შორის წარმოებული. მაგალითად, გაქვთ პენალი და სავარცხელი. რას ეტყოდნენ ისინი ერთმანეთს თუ ცოცხალი არსებები იქნებოდნენ დაერთმანეთი შეუყვარდებოდათ ან მაგალითად როგორი იქნებოდა ფანქრისა და საშლელის დიალოგი ამ შემთხვევაში?
რა ასოდან იწყება თქვენი სახელი? 30 წამში ამოწერეთ ამ ასოზე დაწყებული10 სხვადასხვა სიტყვა.
შექმენით ყალბი სარეკლამო განცხადება- შემთხვევითობის პრინციპით ამოირჩიეთ სიტყვა წიგნიდან და დაწერეთ მასზე ისეთი სარეკლამო ტექსტი, რომ ნებისმიერ ადამიანს მოანდომოთ მისი შეძენა. საგანი დეტალურად აღწერეთ და დაახასიათეთ.
გაიხსენეთ რაიმე საინტერესო, შთამბეჭდავი ამბავი, რაც თქვენთვის მოუყოლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, აქციეთ ეს ისტორია თქვენს ამბად და შეეცადეთ დაწეროთ ისე, თითქოს ეს ყველაფერი თქვენ გადაგხდათ.
მისწერეთ წერილი თქვენს ახალგაზრდა “მეს”- რას მიწერდით თქვენს ბავშობის “მეს” ან რამდენიმე წლით ახალგაზრდას. შეგიძლიათ მისცეთ რჩევა, ითხოვოთ პატიება, ახსნა-განმარტება ან უბრალოდ გაესაუბროთ, მოუყვეთ იმ გამოცდილებაზე, რამაც დღეს თქვენს პიროვნებაზე, მის ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა. შეეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენი ახალგაზრდა თავი როგორც ცალკე მდგომი რეალური პიროვნება.
არაცნობიერი ნაკადი - ეს მარტივი და საინტერესო სავარჯიშოა, უმჯობესია კომპიუტერზე ბეჭდვის ნაცვლად ხელით შეასრულოთ, რადგან ფურცელზე ხელით წერა ანელებს პროცესს, რაც მეტ დროს უტოვებს შენს ტვინს შემოქმედებითი წერისთვის. აიღეთ კალამი და რაც კი მოგივათ თავში იმწამსვე გადაიტანეთ ფურცელზე. ავტორი: უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვს უთხრეს, ტორტი არ გეკუთვნის, ფული არ დაგიდიაო - კლასის დამრიგებელს სახდელი დაეკისრა
არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, დამრიგებლის საჩუქრის გამო დაწყებული კონფლიქტი, მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებით დასრულდა.
გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად:
„თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის მშობელმა ჩვენს ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარების მიზნით მომართა. მშობლის განმარტებით, კლასის სხვა მშობლებთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დამრიგებლის საჩუქრისთვის გამიზნული თანხის დადებაზე უარი განაცხადა და თანხის ნაწილი მხოლოდ იმ ტკბილეულისთვის გადაიხადა, რომლითაც მშობლები ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებს უნდა გამასპინძლებოდნენ. ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვს უთხრა, რომ მას წესით ტორტი არ ეკუთვნოდა, რადგან მის მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული და ტკბილეულის ჭამის ნება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ შეეცოდათ.
აღნიშნულის შემდეგ, ბავშვი ატირებული გაიქცა ეზოში, სადაც დედა ელოდებოდა. დედამ ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა. ამ და სხვა შეუსაბამო ფაქტებთან დაკავშირებით მშობელი მუდმივად აყენებდა საქმის კურსში დამრიგებელს, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია და ბავშვის დასაცავად არაფერი მოუმოქმედებია. მომხდარის შემდეგ, ბავშვის კლასიდან გაშვების მიზნით, ამავე კლასის 15-მა მშობელმა დაწერა განცხადება მათი შვილების სხვა კლასში გადაყვანის მოთხოვნით, რის შესახებაც ინფორმაციას არა თუ ფლობდა დამრიგებელიც, ახალისებდა მშობლების დამოკიდებულებებს, რამაც უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესს შორის დასვენებებზე კლასს არ ტოვებდნენ, რაც იყო დამრიგებლის კატეგორიული მოთხოვნა.
PHR-ის იურისტების დახმარებით, მშობელმა მიმართა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს კლასის დამრიგებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით. დისციპლინური კომიტეტის სხდომები მიმდინარეობდა დაძაბულ რეჟიმში, მშობლებისა და დამრიგებლის მწვავე განცხადებების ფონზე. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დამრიგებელს არ დაეკისრა დისციპლინური სახდელი, რის შემდეგაც PHR-მა აღნიშნული გადაწყვეტილება, სკოლის შინაგანაწესის დაცვის შესაბამისად, სკოლის სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა.სამეურვეო საბჭოს მიერ საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, საბჭომ დაადგინა მასწავლებლის მხრიდან გადაცდომის ფაქტი, რის შედეგადაც დამრიგებელს დაეკისრა დისციპლინური სახდელი – შენიშვნის სახით“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.