წერა, ისევე როგორც სხვა უნარები, ბევრი პრაქტიკისა და ცოდნის შედეგად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. ეს ტექნიკური უნარია, რომელიც სიტყვების გამოყენებით ეფექტურ კომუნიკაციაში გვეხმარება, ის მოიცავს გრამატიკას, ლექსიკას, წინადადების წყობას, შემადგენლობას, კვლევას და ა.შ თითოეულმა კომპონენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს წერის ხარისხზე. დღეს, წერის კარგი უნარი ნებისმიერი სამსახურისთვის საჭიროა, რადგან ის ეფექტური კომუნიკაციის ფორმას წარმოადგენს, კარგი წერითი უნარი დაგეხმარება შენი ფიქრები აზრიან მესიჯად აქციო, გააზიარო იდეები, ააწყო ურთიერთობები. არსებობს სხვადასხვა სტრატეგია წერითი უნარის განსავითარებლად.
მითია ის ფაქტი, რომ მწერლებს თავიანთ საქმეში მუზები ეხმარებიან, წერა არის რუტინა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ვარჯიშს, სწორედ ბევრი მუშაობა აძლიერებს მწერალს და ხდის მას პროფესიონალად. როგორც პიანისტი მეცადიონეობს საათობით დაუღალავად ან მოცეკვავე, რომელიც ფიზიკურ აქტივობებს ყოველ დღე ერთი და იგივე მონდომებით იმეორებს, ასევეა მწერალიც, რომელიც განუწყვეტლივ მუშაობს თვითგანვითარებაზე.
გთავაზობთ მარტივ სავარჯიშოებს, რათა გაიუმჯობესოთ შემოქმედებითი წერის უნარი.
შეგრძნებებიდან - ყნოსვა, სმენა, გემოვნება, შეხება ამოირჩიეთ ერთ-ერთი, შემდეგ აღწერეთ თუ რას გრძნობთ ახლა ამ ორგანოს მეშვეობით. მაგ. ხედავ ცას ფანჯრიდან ან გესმის საათის ტიკტიკი თუ ტრანსპორტის მოძრაობის ხმაური. აღწერე რაც შეიძლება მეტი დეტალი 30 წამში
ჩართეთ სიმღერა რომელიც გიყვართ და შეეცადეთ დაწეროთ თუ რას გრძნობთ: ბედნიერებას, სევდას, იმედგაცრუებას, ასევე გაქვთ თუ არა რაიმე მოგონება ამ სიმღერასთან დაკავშირებული
გადაშალეთ ლექსიკონი, თვალდახუჭულმა ამოირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა და დაწერეთ მის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სიტყვა იქნება ეს,დააკვირდით რამდენის დაწერას შეძლებთ 30 წამში
გაიხსენეთ განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დღე თქვენი ცხოვრებიდან. დაწერეთ თუ რითი იყო ეს დღე განსაკუთრებული? რას აკეთებდით ამ დღეს და რას მიიჩნევდით საუკეთესო მომენტად
იფიქრეთ განვლილ დღეზე და შეეცადეთ ერთი ფრაზით შეაჯამოთ. მაგ. “საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში”, “სრული კატასტროფა”, ლამაზი და პროდუქტიული”. მსგავსადვე დაწერეთ გუშინწინდელ დღეზე და იმის წინანდელზეც, სანამდეც გაწვდება თქვენი მეხსიერება
დაწერეთ 5 სიტყვიანი წინადადება. ახლა კი სწრაფად შეცვალეთ ერთი სიტყვა წინადადებაში, მაგალითად:
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა კატა
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე დავკარგე ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე მენატრება ჩემი ფუმფულა ჩუსტები
ვნახოთ რამდენ წინადადებას შეადგენთ ნახევარ წუთში
შეარჩიეთ 2 საგანი, რომელიც თქვენს ოთახშია ამ წუთას. დადეთ გვერდიგვერდ და დაწერეთ მოკლე დიალოგი ამ ორ საგანს შორის წარმოებული. მაგალითად, გაქვთ პენალი და სავარცხელი. რას ეტყოდნენ ისინი ერთმანეთს თუ ცოცხალი არსებები იქნებოდნენ დაერთმანეთი შეუყვარდებოდათ ან მაგალითად როგორი იქნებოდა ფანქრისა და საშლელის დიალოგი ამ შემთხვევაში?
რა ასოდან იწყება თქვენი სახელი? 30 წამში ამოწერეთ ამ ასოზე დაწყებული10 სხვადასხვა სიტყვა.
შექმენით ყალბი სარეკლამო განცხადება- შემთხვევითობის პრინციპით ამოირჩიეთ სიტყვა წიგნიდან და დაწერეთ მასზე ისეთი სარეკლამო ტექსტი, რომ ნებისმიერ ადამიანს მოანდომოთ მისი შეძენა. საგანი დეტალურად აღწერეთ და დაახასიათეთ.
გაიხსენეთ რაიმე საინტერესო, შთამბეჭდავი ამბავი, რაც თქვენთვის მოუყოლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, აქციეთ ეს ისტორია თქვენს ამბად და შეეცადეთ დაწეროთ ისე, თითქოს ეს ყველაფერი თქვენ გადაგხდათ.
მისწერეთ წერილი თქვენს ახალგაზრდა “მეს”- რას მიწერდით თქვენს ბავშობის “მეს” ან რამდენიმე წლით ახალგაზრდას. შეგიძლიათ მისცეთ რჩევა, ითხოვოთ პატიება, ახსნა-განმარტება ან უბრალოდ გაესაუბროთ, მოუყვეთ იმ გამოცდილებაზე, რამაც დღეს თქვენს პიროვნებაზე, მის ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა. შეეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენი ახალგაზრდა თავი როგორც ცალკე მდგომი რეალური პიროვნება.
არაცნობიერი ნაკადი - ეს მარტივი და საინტერესო სავარჯიშოა, უმჯობესია კომპიუტერზე ბეჭდვის ნაცვლად ხელით შეასრულოთ, რადგან ფურცელზე ხელით წერა ანელებს პროცესს, რაც მეტ დროს უტოვებს შენს ტვინს შემოქმედებითი წერისთვის. აიღეთ კალამი და რაც კი მოგივათ თავში იმწამსვე გადაიტანეთ ფურცელზე. ავტორი: უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია
მასწავლებლის ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი 6000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა გამოთქვა
ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. მასწავლებლის ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი, პირველ ეტაპზე საპენსიო ასაკს მიღწეულმა 6000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა გამოთქვა.
ამ თემაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ბრიფინგი გამართა.
მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი - ამ მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში.
საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.
ირინა აბულაძის განცხადებით, ამ ფორმით, სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ისტორია და აღზარდეს არაერთი თაობა, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო. აქვე, მან მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციას და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
„შეგახსენებთ, რომ 2019 წელს განხორციელებული შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, 2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება, თუმცა ახლაც მიმდინარეობს განათლების დაფინანსების სისტემური, ეტაპობრივი ზრდა, რაც ცხადია, მოიაზრებს უფროსი, წამყვანი, მენტორი მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასაც. როგორც რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, სკოლებში ხარისხის ასამაღლებლად ვახორციელებთ განათლების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რაც მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ხელშეწყობის პარალელურად, პედაგოგების მოტივაციას გულისხმობს“- აღნიშნა ირინა აბულაძემ და განმარტა, რომ აღნიშნულ პროცესში მოიაზრება სამწლიან პერსპექტივაში პედაგოგების სახელფასო ზრდა, ამისათვის მკაფიო და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, არსებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული სქემის გამარტივება და საგაკვეთილო პროცესთან დაახლოვება.