წერა, ისევე როგორც სხვა უნარები, ბევრი პრაქტიკისა და ცოდნის შედეგად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. ეს ტექნიკური უნარია, რომელიც სიტყვების გამოყენებით ეფექტურ კომუნიკაციაში გვეხმარება, ის მოიცავს გრამატიკას, ლექსიკას, წინადადების წყობას, შემადგენლობას, კვლევას და ა.შ თითოეულმა კომპონენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს წერის ხარისხზე. დღეს, წერის კარგი უნარი ნებისმიერი სამსახურისთვის საჭიროა, რადგან ის ეფექტური კომუნიკაციის ფორმას წარმოადგენს, კარგი წერითი უნარი დაგეხმარება შენი ფიქრები აზრიან მესიჯად აქციო, გააზიარო იდეები, ააწყო ურთიერთობები. არსებობს სხვადასხვა სტრატეგია წერითი უნარის განსავითარებლად.
მითია ის ფაქტი, რომ მწერლებს თავიანთ საქმეში მუზები ეხმარებიან, წერა არის რუტინა, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ვარჯიშს, სწორედ ბევრი მუშაობა აძლიერებს მწერალს და ხდის მას პროფესიონალად. როგორც პიანისტი მეცადიონეობს საათობით დაუღალავად ან მოცეკვავე, რომელიც ფიზიკურ აქტივობებს ყოველ დღე ერთი და იგივე მონდომებით იმეორებს, ასევეა მწერალიც, რომელიც განუწყვეტლივ მუშაობს თვითგანვითარებაზე.
გთავაზობთ მარტივ სავარჯიშოებს, რათა გაიუმჯობესოთ შემოქმედებითი წერის უნარი.
შეგრძნებებიდან - ყნოსვა, სმენა, გემოვნება, შეხება ამოირჩიეთ ერთ-ერთი, შემდეგ აღწერეთ თუ რას გრძნობთ ახლა ამ ორგანოს მეშვეობით. მაგ. ხედავ ცას ფანჯრიდან ან გესმის საათის ტიკტიკი თუ ტრანსპორტის მოძრაობის ხმაური. აღწერე რაც შეიძლება მეტი დეტალი 30 წამში
ჩართეთ სიმღერა რომელიც გიყვართ და შეეცადეთ დაწეროთ თუ რას გრძნობთ: ბედნიერებას, სევდას, იმედგაცრუებას, ასევე გაქვთ თუ არა რაიმე მოგონება ამ სიმღერასთან დაკავშირებული
გადაშალეთ ლექსიკონი, თვალდახუჭულმა ამოირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა და დაწერეთ მის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სიტყვა იქნება ეს,დააკვირდით რამდენის დაწერას შეძლებთ 30 წამში
გაიხსენეთ განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დღე თქვენი ცხოვრებიდან. დაწერეთ თუ რითი იყო ეს დღე განსაკუთრებული? რას აკეთებდით ამ დღეს და რას მიიჩნევდით საუკეთესო მომენტად
იფიქრეთ განვლილ დღეზე და შეეცადეთ ერთი ფრაზით შეაჯამოთ. მაგ. “საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში”, “სრული კატასტროფა”, ლამაზი და პროდუქტიული”. მსგავსადვე დაწერეთ გუშინწინდელ დღეზე და იმის წინანდელზეც, სანამდეც გაწვდება თქვენი მეხსიერება
დაწერეთ 5 სიტყვიანი წინადადება. ახლა კი სწრაფად შეცვალეთ ერთი სიტყვა წინადადებაში, მაგალითად:
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა კატა
o მე მიყვარს ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე დავკარგე ჩემი ფუმფულა ჩუსტები
o მე მენატრება ჩემი ფუმფულა ჩუსტები
ვნახოთ რამდენ წინადადებას შეადგენთ ნახევარ წუთში
შეარჩიეთ 2 საგანი, რომელიც თქვენს ოთახშია ამ წუთას. დადეთ გვერდიგვერდ და დაწერეთ მოკლე დიალოგი ამ ორ საგანს შორის წარმოებული. მაგალითად, გაქვთ პენალი და სავარცხელი. რას ეტყოდნენ ისინი ერთმანეთს თუ ცოცხალი არსებები იქნებოდნენ დაერთმანეთი შეუყვარდებოდათ ან მაგალითად როგორი იქნებოდა ფანქრისა და საშლელის დიალოგი ამ შემთხვევაში?
რა ასოდან იწყება თქვენი სახელი? 30 წამში ამოწერეთ ამ ასოზე დაწყებული10 სხვადასხვა სიტყვა.
შექმენით ყალბი სარეკლამო განცხადება- შემთხვევითობის პრინციპით ამოირჩიეთ სიტყვა წიგნიდან და დაწერეთ მასზე ისეთი სარეკლამო ტექსტი, რომ ნებისმიერ ადამიანს მოანდომოთ მისი შეძენა. საგანი დეტალურად აღწერეთ და დაახასიათეთ.
გაიხსენეთ რაიმე საინტერესო, შთამბეჭდავი ამბავი, რაც თქვენთვის მოუყოლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, აქციეთ ეს ისტორია თქვენს ამბად და შეეცადეთ დაწეროთ ისე, თითქოს ეს ყველაფერი თქვენ გადაგხდათ.
მისწერეთ წერილი თქვენს ახალგაზრდა “მეს”- რას მიწერდით თქვენს ბავშობის “მეს” ან რამდენიმე წლით ახალგაზრდას. შეგიძლიათ მისცეთ რჩევა, ითხოვოთ პატიება, ახსნა-განმარტება ან უბრალოდ გაესაუბროთ, მოუყვეთ იმ გამოცდილებაზე, რამაც დღეს თქვენს პიროვნებაზე, მის ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა. შეეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენი ახალგაზრდა თავი როგორც ცალკე მდგომი რეალური პიროვნება.
არაცნობიერი ნაკადი - ეს მარტივი და საინტერესო სავარჯიშოა, უმჯობესია კომპიუტერზე ბეჭდვის ნაცვლად ხელით შეასრულოთ, რადგან ფურცელზე ხელით წერა ანელებს პროცესს, რაც მეტ დროს უტოვებს შენს ტვინს შემოქმედებითი წერისთვის. აიღეთ კალამი და რაც კი მოგივათ თავში იმწამსვე გადაიტანეთ ფურცელზე. ავტორი: უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია
2020-2021 სასწავლო წლიდან ახალი საგანმანათლებლო პროგრამისთვის პედაგოგები გადამზადდებიან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში „Minecraft Education Edition“-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც „Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის „Mindworks Education“ ჩართულობით ხორციელდება, პირველ ეტაპზე ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების სასწავლო პროცესში „Minecraft Education Edition“-ის პილოტირების რეჟიმში ინტეგრირებას გულისხმობს.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დააანონსა, ახალი სასწავლო წლიდან 150-ზე მეტ სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა „Minecraft Education Edition“ სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.
„Minecraft Education Edition“ – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. „Minecraft Education Edition“ იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის დანერგვის პირველი ეტაპი პედაგოგების გადამზადებას გულისხმობს.
„ახალი სკოლის მოდელში ჩართულმა სკოლებმა ნებაყოფლობით თითო მასწავლებელი წარადგინეს, რომელებიც მონაწილეობას იღებენ Minecraft-ის დანერგვის სწავლების დისტანციურ კურსში. პედაგოგებს უტარდებათ ყოველკვირეული ონლაინ ტრენინგები, ექსპერტებთან ერთად გეგმავენ სასწავლო აქტივობებს, რომლებსაც კლასებში საპილოტე რეჟიმში განახორციელებენ და შემდეგ თავიანთ გამოცდილებას პროექტში ჩართულ პედაგოგებს გაუზიარებენ.
პროექტის დანერგვის პირველი ეტაპის დასრულების შედეგად, სისტემაში იქნებიან გადამზადებული მასწავლებლები, რომლებსაც თავისუფლად შეეძლებათ „Minecraft Education Edition“-ის სხვა სკოლებში დანერგვაში მიიღონ მონაწილეობა. ასევე, მომზადდა სატრენინგო მასალები, ქართულად ითარგმნა ვიდეო-კურსი, რომელიც ნებისმიერ მასწავლებელს შეასწავლის Minecraft-ის ბაზისებს და მოამზადებს უფრო სიღრმისეული დავალებებისთვის, გადამზადდნენ ქოუჩები და ექსპერტები. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში „Minecraft Education Edition“-ის ეფექტიანად ინტეგრირებას,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.