Baby Bag

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძის თქმით, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა. ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და ასევე გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ. მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება.

აბიტურიენტების საყურადღებოდ:

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე - 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოამზადა 2023 წლის გამოსაცდელებისათვის სპეციალური ელექტრონული კრებულები, რომლებშიც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია.

ცნობარი აბიტურიენტებისათვის - აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

გზამკვლევი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - კრებულში განთავსებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, აგრეთვე ტესტური დავალებების ნიმუშებს.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

​პრეტესტებზე რეგისტრაცია 19 ივნისამდე გახანგრძლივდა! - ინფორმაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის

​პრეტესტებზე რეგისტრაცია 19 ივნისამდე გახანგრძლივდა! - ინფორმაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრმა დაწყებითი საფეხურის (I-IV კომბინირებული) მასწავლებლებისთვის პრეტესტზე რეგისტრაცია 19 ივნისამდე გაახანგრძლივა. 

როგორც ცენტრში აცხადებენ, რეგისტრაციის გახანგრძლივება მასწავლებლების მხრიდან პრეტესტებზე დიდმა ინტერესმა გამოიწვია:

„პრეტესტის საშუალებით მოხდება მასწავლებლის ცოდნის დიაგნოსტირება, რის შემდეგაც გაიმართება 10-საათიანი კონსულტაციები მასწავლების სახლის ტრენერებთან. კონსულტაციის დროს პედაგოგებს გადაეცემათ გამოცდისათვის მოსამზადებელი მასალების ელექტრონული ვერსია,“ - აღნიშნავენ ცენტრის წარმომადგენლები. 

პრეტესტი+10-საათიანი კონსულტაცია+მოსამზადებელი სახელმძღვანელოები - 60 ლარი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმ​უ​ლს:

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეის​ბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R.

წაიკითხეთ სრულად