Baby Bag

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძის თქმით, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა. ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და ასევე გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ. მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება.

აბიტურიენტების საყურადღებოდ:

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე - 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოამზადა 2023 წლის გამოსაცდელებისათვის სპეციალური ელექტრონული კრებულები, რომლებშიც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია.

ცნობარი აბიტურიენტებისათვის - აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

გზამკვლევი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - კრებულში განთავსებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, აგრეთვე ტესტური დავალებების ნიმუშებს.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა - მინისტრის ბრძანება

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა - მინისტრის ბრძანება

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებია. აღნიშნულის შესაბისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვენყნდა, რომელსაც განათლების მინისტრი აწერს ხელს. ცვლილებების თანახმად, 

  • იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანასური და ადამიანური რესურსი IX და XI კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი: 8 გაკვეთილი – IX კლასში, 4 გაკვეთილი – XI კლასში. ასევე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განრიგი: მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ობიექტებში ექსკურსიების და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების განრიგი”;
  • საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში.“;
  •  სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები შეიძლება შეფასდნენ შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:

ა) მიმდინარე საშინაო დავალება;

ბ) მიმდინარე საკლასო დავალება;

გ) შემაჯამებელი დავალება.“;

  • სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები შეიძლება შეფასდნენ:

ა) ვარიანტი I – მიმდინარე საკლასო დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), მიმდინარე საშინაო დავალებაში (VII-XII კლასები), შემაჯამებელ დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები);

ბ) ვარიანტი II – შემაჯამებელ დავალებაში (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), მიმდინარე საკლასო და საშინაო დავალებებში სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე შესაძლებელია, სკოლამ შემაჯამებელი დავალებების ქულებთან ერთად დაწეროს მიმდინარე საკლასო და/ან საშინაო დავალებების ქულები, თუმცა, არ იანგარიშოს სემესტრული ქულის გამოთვლისას. ვარიანტი II-ის არჩევის შემთხვევაში, სკოლამ სამინისტროში უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, ასევე სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების ტიპობრივი დახასიათება და ჯამური მინიმალური რაოდენობა.“;

  •  V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.“;
  • მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;“;

ბრძანება სრულად იხილეთ ბმულზე - ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები

წაიკითხეთ სრულად