Baby Bag

„ასწავლეთ ბავშვებს თვითშეფასებები და ენდეთ მათ ნიშნებს,“- შალვა ამონაშვილის რჩევები პედაგოგებს

„ასწავლეთ ბავშვებს თვითშეფასებები და ენდეთ მათ ნიშნებს,“- შალვა ამონაშვილის რჩევები პედაგოგებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს ურჩია, რომ ბავშვებს თვითშეფასების უნარები განუვითარონ:

„ასწავლეთ ბავშვებს თვითშეფასებები. რატომ უნდა ვიჩქაროთ, რომ ავიღოთ კალამი და ჩავუწეროთ ბავშვს რაღაც ნიშნები? ჩვენ კი არ შევაფასოთ, ვუთხრათ, ვკითხოთ, თვითონ როგორ შეაფასებდა ამ პასუხს. საკონტროლოს რომ დაწერს, ვუთხრათ: „გადაიკითხე, გაასწორე შეცდომები და აღარ ჩაგითვლი იმ შეცდომას შეცდომად. წაიკითხე შენ, ხომ გაქვს სინდისი, ნამუსი, არ გეჩხუბები, თვითონ დაიწერე ის ნიშანი, რაც გეკუთვნის.“ რატომ გვეშინია ამის ჩვენ? ამით ხომ ჩვენს ბავშვებს თვალს გავუხელთ საკუთარი თავის მიმართ, სინდისს გავუღვიძებთ, სიმართლეს ვასწავლით.

თუ ვინმემ ეს არ გამოიყენა კეთილად, ამის არ შეგვეშინდეთ. ბავშვების უმრავლესობა ამას კეთილად გამოიყენებს. ასწავლეთ ბავშვებს ასეთი თვითშეფასებები და ენდეთ მათ ნიშნებს. ჩვენს პრაქტიკაში, საქართველოში ძლიერი ექსპერიმენტული კვლევები მიმდინარეობდა. აქ ასეთი პრაქტიკა გვქონდა, რომ არ გვქონდა ნიშანი, გვქონდა შეფასება სიტყვით. როდესაც ბავშვი ასე აანალიზებდა თავის მოქმედებებს, ხედავდა შეცდომებს, დასკვნებიც გამოჰქონდა და შეცდომა გასწორებული იყო არა რვეულში, არამედ ფსიქიკაში. ვთქვათ, ბავშვს უნდა დაეწერა საკუთარი თავისთვის 9 ქულა და დაიწერა 10, რა მოხდა მერე?! ზოგჯერ ჩვენც ვუწერთ ხოლმე ბავშვებს ცოტა აწეულ ნიშანს, რომ იქნებ წაქეზდესო. მივენდოთ ბავშვს. როდესაც საკუთარ თავში ნაკლს მონახავენ ბავშვები, გაიხარეთ, ხელი ჩამოართვით, გაიკვირვეთ. ვინც ნაკლი იცის, ის წინ მიდის. შეცდომებზე ვსწავლობთო, ნათქვამია. შეცდომებზე მართლა ვისწავლოთ ჩვენ და არ ვინერვიულოთ შეცდომების გამო,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

შეხსენება მასწავლებლებს!!!

შეხსენება მასწავლებლებს!!!
მასწავლებელთა ​სააპელაციო განაცხადები მიიღება დღეს, 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge. 

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.


გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.
მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“ და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, არჩევას ვერ შეძლებთ).
საგნის არჩევის შემდეგ უთითებთ იმ დავალებებს, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.
ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
გახსოვდეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“. აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისთვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

2019 წლის მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

წაიკითხეთ სრულად