Baby Bag

„ასწავლეთ ბავშვებს თვითშეფასებები და ენდეთ მათ ნიშნებს,“- შალვა ამონაშვილის რჩევები პედაგოგებს

„ასწავლეთ ბავშვებს თვითშეფასებები და ენდეთ მათ ნიშნებს,“- შალვა ამონაშვილის რჩევები პედაგოგებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს ურჩია, რომ ბავშვებს თვითშეფასების უნარები განუვითარონ:

„ასწავლეთ ბავშვებს თვითშეფასებები. რატომ უნდა ვიჩქაროთ, რომ ავიღოთ კალამი და ჩავუწეროთ ბავშვს რაღაც ნიშნები? ჩვენ კი არ შევაფასოთ, ვუთხრათ, ვკითხოთ, თვითონ როგორ შეაფასებდა ამ პასუხს. საკონტროლოს რომ დაწერს, ვუთხრათ: „გადაიკითხე, გაასწორე შეცდომები და აღარ ჩაგითვლი იმ შეცდომას შეცდომად. წაიკითხე შენ, ხომ გაქვს სინდისი, ნამუსი, არ გეჩხუბები, თვითონ დაიწერე ის ნიშანი, რაც გეკუთვნის.“ რატომ გვეშინია ამის ჩვენ? ამით ხომ ჩვენს ბავშვებს თვალს გავუხელთ საკუთარი თავის მიმართ, სინდისს გავუღვიძებთ, სიმართლეს ვასწავლით.

თუ ვინმემ ეს არ გამოიყენა კეთილად, ამის არ შეგვეშინდეთ. ბავშვების უმრავლესობა ამას კეთილად გამოიყენებს. ასწავლეთ ბავშვებს ასეთი თვითშეფასებები და ენდეთ მათ ნიშნებს. ჩვენს პრაქტიკაში, საქართველოში ძლიერი ექსპერიმენტული კვლევები მიმდინარეობდა. აქ ასეთი პრაქტიკა გვქონდა, რომ არ გვქონდა ნიშანი, გვქონდა შეფასება სიტყვით. როდესაც ბავშვი ასე აანალიზებდა თავის მოქმედებებს, ხედავდა შეცდომებს, დასკვნებიც გამოჰქონდა და შეცდომა გასწორებული იყო არა რვეულში, არამედ ფსიქიკაში. ვთქვათ, ბავშვს უნდა დაეწერა საკუთარი თავისთვის 9 ქულა და დაიწერა 10, რა მოხდა მერე?! ზოგჯერ ჩვენც ვუწერთ ხოლმე ბავშვებს ცოტა აწეულ ნიშანს, რომ იქნებ წაქეზდესო. მივენდოთ ბავშვს. როდესაც საკუთარ თავში ნაკლს მონახავენ ბავშვები, გაიხარეთ, ხელი ჩამოართვით, გაიკვირვეთ. ვინც ნაკლი იცის, ის წინ მიდის. შეცდომებზე ვსწავლობთო, ნათქვამია. შეცდომებზე მართლა ვისწავლოთ ჩვენ და არ ვინერვიულოთ შეცდომების გამო,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობები

სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობები

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობები (გარდამავალი დებულება):

1. პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2020 წლის შემოდგომაზე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.

2. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილას, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე (გარდა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტ ქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.

3. ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, მათ აქვთ, 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის უფლება.

4. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტ ქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს აცხადებს კონკურსს.

5. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.

6. 2020–2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.

7. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოპოვებული ექნებათ გარკვეული რაოდენობის კრედიტქულა ან/და ნაწილობრივ (1, 4, 7 კრედიტქულაზე) ან სრულად (10 კრედიტქულაზე) დადასტურებული ექნებათ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები, უფლება აქვთ, არსებული საჭიროებიდან (უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო/დარჩენილი კრედიტქულების შესავსებად) გამომდინარე:

ა) გაიარონ ტრენინგმოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ 1-5 კრედიტ ქულა;

ბ) დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (მათ შორის, განმეორებით) დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.

8. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს 2020 წლის ბოლომდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).

9. 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის %კრედიტქულა
60-დან ზემოთ10
50-დან 60-მდე7
40-დან 50-მდე4
30-დან 40-მდე1


​10. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელმაც ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გზით შეძლო დაგროვილი კრედიტქულების შევსება და 19 კრედიტქულის დაგროვება, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

11. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებზე, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეჩერებული ჰქონდათ შრომითი ურთიერთობა და შესაბამისად ვერ მიეცათ კარიერული წინსვლის საშუალება, არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შრომითი ურთიერთობის განახლებიდან 2 წლის განმავლობაში.

იხილეთ დოკუმენტი სრულად - „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილები შევიდა

წაიკითხეთ სრულად