Baby Bag

,,თქვენი შვილები მე-5 კლასიდან დაიწყებენ მეორე უცხოური ენის შესწავლას...'' - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა აღნიშნულის შესახებ?

,,თქვენი შვილები მე-5 კლასიდან დაიწყებენ მეორე უცხოური ენის შესწავლას...'' - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა აღნიშნულის შესახებ?

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებს მიმართავს:

,,დაწყებითი კლასების მშობლების საყურადღებოდ! კონკრეტულად კი - მე-4 კლასის მშობლების საყურადღებოდ!

თქვენი შვილები მე-5 კლასიდან დაიწყებენ მეორე უცხოური ენის შესწავლას:

  • მეორე უცხოური ენა არჩევითია;
  • ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა;
  • სკოლამ აუცილებლად უნდა შემოგთავაზოთ არჩევანი მინიმუმ ორ უცხოურ ენას შორის (ინგლისური არ ითვლება, ისედაც სავალდებულოა პირველივე კლასიდან);
  • თუ მშობლების უმრავლესობამ აირჩია მაგ. გერმანული ენა, თქვენ კი გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს ფრანგული ენა, აქ 2 ვარიანტი გრჩებათ: ა) ფრანგული ენის მსურველების გარკვეული რაოდენობა მოგროვდეს თქვენი შვილის კლასშივე და სკოლამ დაგიდასტუროთ, რომ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ განაყოფებს სხვადასხვა ენა შესთავაზოს, ან ბ) პარალელურ კლასიდან/კლასებიდან მოგროვდნენ ფრანგული ენის მსურველი მშობლები/მოსწავლეები და ასე შეიკრას ფრანგული ენის ჯგუფი;
  • სკოლამ შეიძლება გითხრათ, რომ მათ არ ჰყავთ მაგალითად ფრანგულის მასწავლებელი და ამ მიზეზით ვერ შემოგთავაზებთ ამ ენას. სწორედ ამიტომ, ახლავე მოითხოვეთ ამ საკითხის გარკვევა. სექტემბრამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ სკოლამ გამოაცხადოს შესაბამისი საგნის მასწავლებლის ვაკანსია. ნუ, თუ მსურველი არ გამოჩნდა, ან ვერ შეირჩა, მაშინ შესაძლოა, დათანხმდეთ სკოლის მიერ შემოთავაზებულ არჩევანს, ან სხვა სკოლაში გადაიყვანოთ თქვენი შვილი, სადაც სწორედ ფრანგული ისწავლება.
  • დაბოლოს, თანდათან ძალიან პოპულარული ხდება იტალიური ენის სწავლება. რადგან იტალიის მთავრობა და საელჩო სკოლებს აქტიურად უჭერს მხარს. კერძოდ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, შესაბამისად მომზადებული მასწავლებლები, ასევე მცირე საგრანტო დაფინანსება სკოლებისთვის.

ამ ეტაპზე, იტალიის საელჩო გვთავაზობს შესაძლებლობას, მხოლოდ თბილისის მასშტაბით დამატებითი სკოლები ჩართოს პროგრამაში და სკოლების სურვილის შემთხვევაში მე-5 ან მე-10 კლასებში იტალიური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლებას დაუჭიროს მხარი.

სურვილის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ ორგანიზაციას „მინერვა“ (იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი იტალიის საელჩოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის) ხუთშაბათს, 17 მარტიდან, მაქსიმუმ პარასკევს 25 მარტამდე. (თბილისის რესურსცენტრებს აქვთ ეს ინფორმაცია ეკა ლეჟავასგან)

მშობლებო, იმედია, თქვენი შვილების მომავალ საგანმანათლებლო პერსპექტივებს (ამერიკულის გარდა) სწორედ ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხედავთ, სადაც შესაძლებელია საგრანტო დაფინანსების მოპოვება, თუკი ადგილობრივ ენაზე მიიღებს სტუდენტი განათლებას. ამდენად, თქვენს შვილებს აუცილებლად დასჭირდებათ ენის ფლობა აკადემიურ დონეზე. მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით შესაბამისი უცხოური ენის შესწავლა კარგი საფუძველია შემდგომში ხარისხიანი ევროპული განათლების მისაღებად.

ამიტომ მოითხოვეთ თქვენი შვილებისთვის საუკეთესო!'' - აღნიშნავს მარიამ ჩიქობავა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებელმა არასდროს მშობელი არ უნდა დაიბაროს სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვი დააბეზღოს,“- შალვა ამონაშვილი

„მასწავლებელმა არასდროს მშობელი არ უნდა დაიბაროს სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვი დააბეზღოს,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს ურჩია არასდროს დაიბარონ მშობელი ბავშვის გაკიცხვისა და გაკრიტიკების მიზნით:

„ჰუმანური პედაგოგიკის თანახმად, მასწავლებელმა არასდროს მშობელი არ უნდა დაიბაროს სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვი დააბეზღოს, რომ ბავშვზე რაღაც ავი უთხრას. თუ დაიბარებს, უთხრას, როგორი კარგი ბავშვია, როგორ გახარებულია თვითონ, რა ტალანტია. ამას თუ ეტყვის მასწავლებელი, აფერუმ ასეთ პედაგოგს! თუ მარტო თითი უნდა აქნიოს: „გაუზრდელი რად მომიყვანე? რად გააჩინე, თუ არ გაზრდი?!“ - ეს არის მასწავლებლის სირცხვილი.“

„ინდიგო ბავშვები მრავალმხრივ განვითარებულები არიან. ასეთები იბადებიან. რა ბადებთ, არ ვიცით. ზოგიერთი დედა დაბნეულიც არის, სად ატაროს ბავშვი: ბალეტზე, სპორტზე მათემატიკაზე, ყველაფერი უნდა ბავშვს. არ იციან, როგორ დაიმორჩილონ ბავშვი. მას სწორედ ის უნდა, რაც მე არ მინდა. ბავშვებს ახლა ჯიუტებს ვეძახით. ზოგიერთი დედა მოვა ჩემთან და მკითხავს: „როგორ დავძლიო ბავშვის ჯიუტობა?“ გასარკვევია, ბავშვი მართლა ჯიუტობს, თუ დედაა ჯიუტი. დედებიც არიან ჯიუტები. გინდა თუ არა, ეს უნდა გააკეთო. მე როგორც გითხარი ასე უნდა იყოს, იმიტომ, რომ მე უფრო ვიცი, რა გჭირდება შენ. არ იფიქროთ, ბავშვები ისე იბადებიან, რომ არ იციან, რა სჭირდებათ მათ. მათ იციან ეს ყველაფერი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად