Baby Bag

„ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება... როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ,“ - პედაგოგი ნათელა ამონაშვილი

„ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება... როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ,“ - პედაგოგი ნათელა ამონაშვილი

პედაგოგმა ნათელა ამონაშვილმა, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის 60-წლიანი გამოცდილება აქვს, იმ მეთოდების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მოსწავლეებთან იყენებს:

„ჩემი მოსწავლეების ბრძნულ აზრებს დღემდე ვინახავ. როდესაც ვასწორებდი წერით ნამუშევრებს და შემხვდებოდა ასეთი ფრთიანი, ნაპერწკლიანი აზრი, იმას გავხაზავდი ხოლმე. შემდეგ ესენი ამოკრიბეს ბავშვებმა, გამოფენა მოვაწყვეთ ამ ბრძნული აზრების. ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ყველაფერი მახსენდება და მიხარია.“

ნათელა ამონაშვილის თქმით, ის ბავშვებს დავალებებს მინიმუმამდე უმცირებს:

„შეიძლება, ზარმაცი ბავშვი შემხვედრია, მაგრამ მე ის ზარმაცად არ მიმიჩნევია. ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება. კიდეც ვეტყვი ხოლმე ბავშვებს, ბავშვებო, მე ეს დავალება მოგეცით, მაგრამ თქვენ თუ გინდათ, შეიძლება უფრო საინტერესო რაღაც მოძებნოთ და უფრო რთული დავალება გააკეთოთ. როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, მინიმუმამდე დაყვანილს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ.“

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვი საკუთარ თავში ჩავახედოთ. ვქმნით საუბრების სიას. ბავშვები ემზადებიან და ერთ მშვენიერ დღეს გვაქვს საუბრები ამ თემებთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ნიშნები არ უნდა იყოს. არც ხუთიანი, არც ათიანი, არც ასიანი. ნიშანი თრგუნავს ბავშვს. ანგარიშგების სრულიად ახალი ფორმა გამოვიყენეთ ჩვენ, ბავშვის სიტყვიერი შეფასება, სადაც პირველ რიგში, იწერება ბავშვის დადებითი თვისებები. ის, რასაც მიაღწია ბავშვმა, რაც შეძლო, რაშიც წარმატება მოიპოვა. შემდეგ შეიძლება ლამაზი ტონით მიუთითო იმაზე, რაც შეიძლება მომავალში გამოასწოროს. მასწავლებელი უნდა იყოს მომთმენი. გულწრფელად უნდა უყვარდეს ყველა ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათელა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების შედეგები

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების შედეგები

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების შედეგები? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს. 

როგორც ცენტრში აცხადებენ, მონაცემების დამუშავება ჯერ დასრულებული არ არის: 

პროფესიული უნარები წელს უპეცედენტოდ ბევრმა, 20 000-ზე მეტმა აპლიკანტმა ჩააბარა, შესაბამისად, მონაცემების დამუშავება ჯერ დასრულებული არ არის. პროფესიული უნარების შედეგი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება,“ - აღნიშნეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 

შეგახსენებთ, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების; ქართულის, როგორც მეორე ენის; უცხოური ენების, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII); ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI); მათემატიკის (I-VI); ბუნებისმეტყველების (I-VI); ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების (I-IV); მათემატიკის (VII-XII), გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდების ​შედეგები უკვე ცნობილია. 

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.


წაიკითხეთ სრულად