Baby Bag

„ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება... როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ,“ - პედაგოგი ნათელა ამონაშვილი

„ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება... როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ,“ - პედაგოგი ნათელა ამონაშვილი

პედაგოგმა ნათელა ამონაშვილმა, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის 60-წლიანი გამოცდილება აქვს, იმ მეთოდების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მოსწავლეებთან იყენებს:

„ჩემი მოსწავლეების ბრძნულ აზრებს დღემდე ვინახავ. როდესაც ვასწორებდი წერით ნამუშევრებს და შემხვდებოდა ასეთი ფრთიანი, ნაპერწკლიანი აზრი, იმას გავხაზავდი ხოლმე. შემდეგ ესენი ამოკრიბეს ბავშვებმა, გამოფენა მოვაწყვეთ ამ ბრძნული აზრების. ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ყველაფერი მახსენდება და მიხარია.“

ნათელა ამონაშვილის თქმით, ის ბავშვებს დავალებებს მინიმუმამდე უმცირებს:

„შეიძლება, ზარმაცი ბავშვი შემხვედრია, მაგრამ მე ის ზარმაცად არ მიმიჩნევია. ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება. კიდეც ვეტყვი ხოლმე ბავშვებს, ბავშვებო, მე ეს დავალება მოგეცით, მაგრამ თქვენ თუ გინდათ, შეიძლება უფრო საინტერესო რაღაც მოძებნოთ და უფრო რთული დავალება გააკეთოთ. როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, მინიმუმამდე დაყვანილს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ.“

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვი საკუთარ თავში ჩავახედოთ. ვქმნით საუბრების სიას. ბავშვები ემზადებიან და ერთ მშვენიერ დღეს გვაქვს საუბრები ამ თემებთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ნიშნები არ უნდა იყოს. არც ხუთიანი, არც ათიანი, არც ასიანი. ნიშანი თრგუნავს ბავშვს. ანგარიშგების სრულიად ახალი ფორმა გამოვიყენეთ ჩვენ, ბავშვის სიტყვიერი შეფასება, სადაც პირველ რიგში, იწერება ბავშვის დადებითი თვისებები. ის, რასაც მიაღწია ბავშვმა, რაც შეძლო, რაშიც წარმატება მოიპოვა. შემდეგ შეიძლება ლამაზი ტონით მიუთითო იმაზე, რაც შეიძლება მომავალში გამოასწოროს. მასწავლებელი უნდა იყოს მომთმენი. გულწრფელად უნდა უყვარდეს ყველა ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათელა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად