„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
„მშობლის ლექსიკა წყვეტს ბავშვის მომავალს. სიტყვებით სულიერ სასახლეს ვაშენებთ ან ვანგრევთ ჩვენშიც და ბავშვშიც,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის მომავალზე მშობლის ლექსიკის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოთქმული სიტყვა ადამიანისთვის ან სიკეთის მომტანია, ან უბედურების:
„მშობლის ლექსიკა წყვეტს ბავშვის მომავალს. წარმოთქმული სიტყვა ან სიკეთის მომტანია, ან უბედურების. თუ სიტყვაში ჩავდე ჩემი ალერსი, სიყვარული, პატივისცემა, თანაგრძნობა, იმედი, რწმენა, ეს გამოიწვევს იმას, რომ ბავშვი უფრო გაბედულად გადადგამს ნაბიჯს. ასეთი რაღაცაა სიტყვა. რომ გავიგონებ ხოლმე „მეხი კი დაგაყარეო,“ მთელი ბალანი მებურძგლება. თითქოს მე მეუბნებიან ამას, როდესაც ბებია ან დედა ბავშვს ეუბნება: მეხი კი დაგაყარეო. როგორ უნდა დააყარო მეხი ბავშვს?!“
შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ხშირად მოეფერონ:
„ბავშვებს უნდა ვეფეროთ. ბავშვს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ის კარგია, მშვენიერია, ლამაზიცაა. მას უნდა მივაწეპოთ ის სიტყვები, რაც შეიძლება მასში არ არის. არ არის გამბედავი, მაგრამ უნდა უთხრა: „შენ როგორი გამბედავი ხარ!“
„სიტყვები, რომლებიც ჩვენგან გამოდის, ჩვენც გვაშენებს, როგორც ადამიანებს. სიტყვებით ჩვენს სულიერ სასახლეს ვაშენებთ, ან ამავე სასახლეს ჩვენშიც ვანგრევთ და სხვაშიც. ბილწსიყვაობა ოჯახში დამანგრეველი ძალაა. ამ დროს ჩვენი სისხლი იცვლება. ჩვენს სისხლში აღმოჩნდება მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც აღარ გადის სისხლიდან,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ ეთერში ისაუბრა.