„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
„საჩვენებელი თითი ძალიან საშიში თითია.. ნაცვლად იმისა, რომ გზა უჩვენო ბავშვს, თითს უქნევ,“- შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა „თითის ქნევის“ პედაგოგიკაზე ისაუბრა და მისი ნეგატიური მხარეები გააკრიტიკა:
„რა არის პედაგოგიკა თითის ქნევით? ეს თითი ძალიან საშიში თითია. საჩვენებელი თითი ყველაზე გაუზრდელი თითია ჩვენს თითებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ გზა უჩვენო ბავშვს, იქით წადი და აქეთ არაო, თითს უქნევ. თითის ქნევა მუქარაა. ხან სიტყვით უქნევ თითს. განა მართლა თითის ქნევაა საჭირო, არა?! ბავშვები იზრდებიან ჩვენს ავტორიტარიზმში. გვგონია, რომ თუ ბავშვი მაგრად არ ჩაიჭირე მუჭაში, ის ხელიდან გაგისხლტება და თავზე დაგაჯდება მერე.“
„ბავშვი თავზე დაგაჯდება მაშინ, როდესაც მას შიშს ჩაუნერგავ, არ ჩაუნერგავ კულტურასა და ზნეობას, არ გახდი გონიერს, მორჩილებას ჩაუნერგავ, შენს აზრებს და ნებას ჩაუდებ თავში, შენს პროფესიას დააძლებ. გამოვიდა, რომ ბავშვი ჩვენ მივიმსგავსეთ. განვითარდება ქვეყანა ასეთი ბავშვებით?! აქ ერთი ლამაზი გოგო მედგა გვერდით. ვუთხარი: „შენ სამკუთხედი ხარ. ამ გვერდზე წერია, რომ შენ ამქვეყანაზე ხარ მოვლენა. მეორეზე წერია, რომ შენი გზა მოიტანე, შენი მისია, დანიშნულება. ეს უნდა ამოიკითხო შენში. მესამე ის არის, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია. სულისთვის შეზღუდვა არ არსებობს. სხეული გზღუდავს.“ ბავშვი ისე გაიფურჩქნა. ჩამეხუტა და წავიდა. აი, ესენი არიან თქვენი ბავშვები. ისინი მოვლენები არიან,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.