„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
„ჩვენ მოგვეთხოვება ბავშვისთვის მეტყველებით გამდიდრებული გარემოს შექმნა,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია, რომ ბავშვის ენობრივი უნარების განვითარებისთვის მას ცოცხალი სამეტყველო გარემო შეუქმნან:
„ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ბავშვებს. ძალიან ბევრი კვლევა ამბობს, რომ ბავშვს სჭირდება ცოცხალი სამეტყველო გარემო, არა გაჯეტური, არამედ ბუნებრივი კომუნიკაცია. ბავშვი ყველას კი არ ბაძავს. მისგან მნიშვნელოვანი ადამიანისგან უფრო მეტს იღებს. ჩვენ მოგვეთხოვება მეტყველებით გამდიდრებული გარემოს შექმნა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ენობრივ კომუნიკაციაში ბავშვთან. მშობლები გვეტყვიან, რომ მათი არაადამიანური დატვირთვის პირობებში, როგორ უნდა ელაპარაკო ბავშვს?! არსებობს ფორმულა, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ეს დაბრკოლება დავძლიოთ. არ არის სავალდებულო ბავშვს მთელი დღე ელაპარაკო. სრულიად საკმარისია ნახევარი საათი ელაპარაკო ბავშვს. ეს შეიძლება იყოს უბრალო დიალოგი. ამაში არ შედის ზღაპრის წაკითხვა და თხრობა. ის ცალკე ისტორიაა. ამაში შედის დიალოგი ბავშვთან. ჩვენ ვცვლით აზრებს. ეს არის აზრების გაცვლა და გაზიარება. ამით ბავშვი ძალიან ბევრ რამეს სწავლობს.“
„ძალიან კარგია ძილის წინ ბავშვისთვის ზღაპრის წაკითხვა. ხშირად მშობელი გეუბნება, რომ ბავშვი არ მისმენს, როდესაც ვუკითხავ. არ არის პრობლემა. სურათები დაათვალიერეთ და ისე მოყევით. ის ასე უფრო მოგისმენთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შემეცნებითი განვითარების თვალსაზრისით არის ენობრივი კომპეტენციისთვის სკოლამდელ ასაკში ყურადღების მიქცევა. ბავშვებს სჭირდებათ ასევე ლექსიკური განვითარება, რომ იცოდნენ ზედსართავი სახელები, შედარებითი კონსტრუქციები. ეს სკოლამდე ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.