„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
„ოფლიანობა უფრო დამახასიათებელია ჰიპერაქტიური და ემოციური ბავშვებისთვის,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ემოციურ და ჰიპერაქტიურ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმ ბავშვებში, რომლებიც ცელქები ან ჰიპერაქტიურები არიან და ემოციურობითაც ხასიათდებიან, ოფლიანობა უფრო გამოკვეთილია:
„ძალიან მოიმატა ჰიპერაქტიური ბავშვების რიცხვმა. ოფლიანობა არის დამახასიათებელი ჰიპერაქტიური, ცელქი ბავშვებისთვის, რომლებიც არიან ამავდროულად ძალიან ემოციურები. ისინი ემოციას ხარშავენ შიგნით. მათ შეიძლება ემოცია ვერ გამოხატონ. ან ისინი ემოციებს გამოხატავენ მთელი სიმძაფრით. ასეთი ბავშვები უფრო ოფლიანები არიან. ისინი ხშირად ოფლიანობენ, განსაკუთრებით ძილში. ძილიც არ აქვთ ამ ბავშვებს მთლად მშვიდი. ძილშიც ნერვიულობენ, ხედავენ სიზმრებს, უჭირთ ჩაძინების პროცესი.
შეიძლება ეს იყოს გენეტიკური. დედები ხშირად ამბობენ, რომ მამას აწუხებს ძალიან ოფლიანობა. ვირუსულ ინფექციებს ახლავს ხოლმე ასევე, რომ ჰიპერთერმიის შემდეგ ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა ვითარდება. თერმორეგულაციის ცენტრი ვერ იჭერს ნორმალურ ტემპერატურას და აქედან გამომდინარე, ოფლის გამოყოფის პროცესი აქტიურდება. ასეთ შემთხვევაში ეს ბავშვები ელექტროლიტებით უნდა დავტვირთოთ და სასურველია, რომ მიიღონ ელექტროლიტები,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.