„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
„ჩემი მთავარი ტკივილი მწვანილის შენახვა იყო, სანამ მივაკვლევდი ეფექტიან მეთოდს...“- გვანცა დარასელია მწვანილის შენახვის წესზე
ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ მწვანილის შენახვის მეთოდების შესახებ ისაუბრა, რომელსაც თავადაც ხშირად იყენებს:
„ჩემი მთავარი ტკივილი მწვანილის შენახვა იყო, სანამ მივაკვლევდი ეფექტიან მეთოდს. ვერასდროს ვერ ვყიდულობდი მწვანილის ოპტიმალურ რაოდენობას. ყოველთვის მეტი იყო ამ კონაში. ხშირად მილპებოდა. როგორც აღმოვაჩინე, მწვანილის დიდხანს შენახვის რამოდენიმე მეთოდი არსებობს.
მე ამ მეთოდს მივმართავ: თუ მწვანილს გარეცხავთ, ზედმიწევნით კარგად გააშრობთ და მინის ქილაში მოათავსებთ სახურავით, შედებთ მაცივარში, შეიძლება ერთი თვე ან თვე-ნახევარიც შეინახოთ მწვანილი და გამოიყენოთ.
მწვანილის შესანახად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თაიგულის პრინციპი. შეგიძლიათ ქინძის და ოხრახუშის ღეროები შეკრათ თაიგულად, ჩადოთ წყლიან ქილაში, ოდნავ გადააჭრათ ღეროები და ჩაყოთ წყალში. მართალია, უფრო ნაკლები დროით შეინახება ასე, მაგრამ სამაგიეროდ სასარგებლო თვისებებს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.
ასევე შეგიძლიათ დაჭრილი მწვანილი შეინახოთ ზეთში. გამოყენების წინ გამოიღოთ მაცივრიდან და სადილის მომზადებისას გამოიყენოთ,“ - აღნიშნა გვანცა დარასელიამ.