„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
„ჩვილის აღზრდას რა უნდა?! სამი წლის ბავშვსაც მოუვლი ადვილად, ექვსისასაც მოუვლი, მაგრამ როგორ გართულდება აღზრდა, როდესაც ბავშვი მოწიფულობაში შედის,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც შვილის აღზრდისას ვუშვებთ და თანამედროვე სამყაროში მშობლების წინაშე არსებულ სირთულეებს გაუსვა ხაზი:
„ჩვენ არ ვიცით ცხოვრება საით მიაქანებს ჩვენს შვილს. არასოდეს არ ყოფილა იმდენი ნარკომანი მსოფლიოში, რამდენიც ახლაა. არასოდეს არ ყოფილა იმდენი მწეველი, რამდენიც ახლაა. სუიციდები, რაც ახლა არის არასდროს არ ყოფილა მსოფლიოში და საქართველოში მით უმეტეს. რატომ გამრავლდა ეს ყველაფერი?! ბავშვები გახდნენ ასეთები? გარემო შეიცვალა? დიახ, შეიცვალა, მაგრამ ჩვენ არ შევიცვალეთ, ავტორიტარები დავრჩით ავტორიტარებად.“
შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვი მშობლების ტყვეობაში იმყოფება და გარკვეულ ასაკში ამ ტყვეობისგან გათავისუფლებას ცდილობს:
„ჩვილის აღზრდას რა უნდა?! სამი წლის ბავშვსაც მოუვლი ადვილად, ექვსისასაც მოუვლი, მაგრამ როგორ გართულდება აღზრდა, როდესაც ბავშვი მოწიფულობაში შედის. ერთი მეთოდი არის, რომ ვიმეგობროთ ბავშვთან. უნდა უთხრა შვილს: „შვილო, ჩემს სამსახურში იცი რა ხდება, კაცო? ასეთ გაჭირვებაში ვარ. არ ვიცი რა ვქნა, იქნებ შენ მიშველო...“ ბავშვს უნდა დაანახო, რომ ის შენი მეგობარია და იმის რჩევა გჭირდება,"- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.