აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის ქრისტიანული საფუძვლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეფუძნება:
„ჰუმანური პედაგოგიკა ქრისტიანობიდან გამოდის. კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეყრდნობა. ქრისტიანობაში არის თავისი მცნებები და დებულებები: „გიყვარდეს მოყვასი შენი.“ თუ მასწავლებელს უყვარს მოყვასი თვისი, ყველა ბავშვი მოყვასია. ის ცელქიც, ის მოუსვენარიც, ის, დავალება რომ არ შეასრულა, გაკვეთილი რომ ჩაუშალა, ყველა მოყვასია."
„თუ მასწავლებელს რწმენა არ აქვს, ღვთის რწმენა, ან რაღაც კეთილის რწმენა (მაგრამ ღვთისა ყველაზე მთავარია), თუ რწმენა არ აქვს და იქიდან არ გამოაქვს მეთოდები და პრინციპები, მას ყოველთვის შეეშლება ბავშვთან ურთიერთობაში და გადავა ძალაობაზე. ახლაც ხდება ასეთები,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თავისუფლება თვითნებობაში გვერევა ჩვენ, როგორც წესი... ბავშვს სჭირდება ჩარჩო,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ სწავლის პროცესში ბავშვისადმი ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა:
„ვიღაც იტყვის, რომ მე-19 საუკუნეში ჯოხი იყო სწავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი. მშვენივრად სწავლობდნენ ეს ბავშვები. კონტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა, იმ გამღიზიანებლებსა და სტრესორების რაოდენობას, რომელსაც ჩვენი ტვინი განიცდის. XXI საუკუნეში მათი დათვლა არის შეუძლებელი. ჯოხი არაფერი არ არის ამათთან შედარებით, რა სტრესორებმაც შეიძლება ადამიანზე იმოქმედოს. ერთი მხრივ, ჩვენ არ ვმართავთ ჩვენი შვილების ქცევას ბავშვობაში. ვფიქრობთ, რომ ეს მისი თავისუფლების შეზღუდვაა. მეორე მხრივ, ჩვენ ვიჭრებით მის თავისუფალ სივრცეში, სადაც მან არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს.
ძალიან ხშირად მშობელი 6 წლის ბავშვს არ შეეკითხება და ისე შეიყვანს უცხოენოვან სკოლაში. მერე შეიძლება იყოს სერიოზული ტრაგედიები ამასთან დაკავშირებით. იმან მომავალი უკვე განუსაზღვრა შვილს. სწორიც არის, რომ ბავშვს ჰქონდეს საშუალება სხვა ენაზე რაღაცები გააკეთოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვუყურებთ ბავშვის შესაძლებლობებს, მის არჩევანს. მთავარი საზღვარი რა არის აქ? ვიღაც გეტყვის: ე.ი. ყველაფრის უფლება უნდა მივცე ბავშვს? საბოლოო ჯამში ასე ხდება. თავისუფლება თვითნებობაში გვერევა ჩვენ, როგორც წესი. თავისუფლება ნიშნავს თავისუფალ არჩევანს შეზღუდულ პირობებში. თუ ჩარჩო არ არსებობს, ვხედავთ რა ხდება საზოგადოებაში. ბავშვისთვის ჩარჩო არის ოჯახში დაწესებული წესები, ზნეობრივი კატეგორიები, რომელშიც ბავშვი იზრდება. ჩვენ ვცხოვრობთ უჩარჩოო ქვეყანაში. არც ჩვენ გვაქვს ჩარჩო, ამიტომ ერთმანეთის პერსონალურ სივრცეებში ვიჭრებით. არც დიდი ჩარჩო არ არსებობს. არჩევანის გაკეთება ხდება არა ზნეობრივი კატეგორიით, არამედ როგორც მაწყობს. ეს ბარბაროსულ საზოგადოებას ახასიათებს,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.