მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ყოველ ოთხშაბათს გაეცანით
ლაქტაცია, ანუ ძუძუთი კვება ბუნებრივი
ყველაზე ხშირი კითხვა მომავალი დედებისგან არის - როგორ მოვამზადოთ მკერდი ძუძუთი კვებისთვის?
დედას ეშინია, რომ დაუსკდება ძუძუს თავები, ეტკინება. ასევე ხშირია კითხვები:
- საჭიროა, თუ არა ძუძუსთავების მომზადება?
- ექნებაა თუ არა რძე?
- შეუძლიათ თუ არა ლაქტაცია საკეისრო კვეთით ან ნაადრევად დაბადებული ბავშვების დედებს?
ხშირად დედებს ურჩევენ, ორსულობაში პირსახოცი ან ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი გამოიყენონ ძუძუს თავების „მოსამზადებლად“, თითქოსდა კანის გაუხეშების შემდეგ ყველა პრობლემა გაქრება. ორსულობაში ძუძუს თავების სტიმულაციამ შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს, ამიტომ ეს მეთოდი დაუშვებელია.
რაც ნამდვილად საჭიროა ლაქტაციისთვის მოსამზადებლად - ეს სწორი ინფორმაციაა.
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ყველანაირი ძუძუს ზომით და ძუძუს თავების ფორმითაა შესაძლებელი ბავშვის გამოკვება. სირთულეების არსებობის შემთხვევაში, ლაქტაციის კონსულტანტის დახმარებით და სხვადასხვანაირი ტექნიკის გამოყენების შედეგად თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ.
ასევე უნდა იცოდეთ, რომ დაბადებიდან, პირველივე დღიდან (არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით დაიბადება ბავშვი) თქვენ გაქვთ რძე. ეს არის ხსენი, რაც აუცილებელია და ძალიან სასარგებლოა ყველა ახალშობილისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეთ:
- თუ ბავშვი სწორად მოეჭიდება ძუძუს, თქვენ არასოდეს არ დაგისკდებათ და არ დაგიზიანდებათ ძუძუს თავები;
- იყავით დარწმუნებულები, რომ თქვენ გექნებათ საკმარისი რძე;
- მიაწოდეთ ძუძუ ისე ხშირად, როგორც თქვენს ახალშობილს მოუნდება;
- არ გააკეთოთ დიდი დროის ინტერვალები ბავშვის გამოკვებებს შორის;
- არ გაიუხეშოთ ძუძუს თავების კანი
- გაეცანით საკმარის ინფორმაციას ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით და თქვენ ეს აუცილებლად გამოგივათ.
*
გაეცანით ლაქტაციის კონსულტანტის, თამუნა ლობჟანიძის ბლოგს ინსტაგრამზე👇