Baby Bag

როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი ბავშვის ყიფლიბანდი და როდის უნდა დაიხუროს ის?

როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი ბავშვის ყიფლიბანდი და როდის უნდა დაიხუროს ის?
მშობლები ხშირად ღელავენ ყიფლიბანდის დახურვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი ბავშვის ყიფლიბანდი რა შემთხვევები უნდა მიიჩნიოს მშობელმა პრობლემად? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ის ესაუბრა ნეონატოლოგი, პედიატრი ეკა უბერი.

​- ქალბატონო ეკა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი პატარას ყიფლიბანდი?

​- ახალშობილს შესაძლოა, ესინჯებოდეს ორი - დიდი და პატარა ზომის ყიფლიბანდი. წინ მდებარეს, შუბლისა და თხემის ძვლებს შორის ეწოდება დიდი ყიფლიბანდი, ხოლო უკან მდებარეს თხემის და კეფის ძვალს შორის - მცირე ყიფლიბანდი. ორივე ყიფლიბანდი არის რბილი და ბრტყელი. ხანდახან მშობელმა შეიძლება შენიშნოს დიდი ყიფლიბანდის პერიოდული პულსაცია, რაც ხშირია, განსაკუთრებით მტირალ ან აღგზნებულ ჩვილებში, თუმცა პრობლემას არ წარმოადგენს.

​- დაახლოებით, რამდენ ხანში უნდა დაეხუროს ბავშვს ყიფლიბანდი?

​- ყიფლიბანდის დახურვის ვადები საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორც წესი უკანა, ანუ მცირე ყიფლიბანდი იხურება 2 თვის ასაკისათვის, ხოლო წინა ანუ დიდი ყიფლიბანდი შეიძლება, დაიხუროს 5-დან 24 თვემდე ასაკში. შესაბამისად, ყიფლიბანდის „ადრეული“ ან „გვიანი“ დახურვა შეიძლება იყოს ნორმის ვარიანტი.

​- ყიფლიბანდის დახურვის ვადებთან დაკავშირებით, რა შემთხვევები უნდა მიიჩნიოს მშობელმა პრობლემად და მიმართოს ექიმს?

​- ვინაიდან არ არსებობს კონკრეტული ასაკი, როდესაც უნდა დაიხუროს ყიფლიბანდი, რთულია მხოლოდ ამ კრიტერიუმით შეფასდეს პრობლემა. მეტად საყურადღებოა დიდი ყიფლიბანდის მუდმივი პულსაცია, ძლიერი დაჭიმულობა და ამობურცულობა, რაც შესაძლოა, მიუთითებდეს გაზრდილ ქალას შიდა წნევაზე და აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ასევე ვიზუალურად ძლიერ ჩაღრმავებული ყიფლიბანდი საყურადღებოა, ეს შეიძლება მიუთითებდეს ძლიერ გაუწყლოვნებაზე ან მალნუტრიციაზე.

​- რა არის ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვის მიზეზი?

​- უხშირესად ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა ნორმის ვარიანტია. მხოლოდ ყიფლიბანდის დახურვის ვადა, სხვა ასოცირებული ჩივილების გარეშე, პრობლემას არ წარმოადგენს. არსებობს რიგი დაავადებები, რომლის დროსაც ვლინდება ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა. ესენია - თანდაყოლილი ჰიპოთირეოიდიზმი, გაზრდილი ქალას შიდა წნევა, დაუნის სინდრომი, რაქიტი. ჩამოთვლილ დაავადებებს და მდგომარეობებს თან ახლავს სხვა მნიშვნელოვანი ჩივილები და ისინი არ ვლინდება მხოლოდ ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვით.

​- რამ შეიძლება დააჩქაროს მისი დახურვა?

​- ყიფლიბანდის ადრეული დახურვა არც ისე იშვიათია და ის ნორმაა სხვა მხრივ ჯანმრთელ ბავშვთან. ეს გულისხმობს, რომ თუ ბავშვი ვითარდება ნორმალურად, მისი ფიზიკური განვითარება შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს, არ აღენიშნება სხვა თანხმლები ჩივილები, მხოლოდ ყოფლიბანდის დახურვის ვადა არარელევანტურია.


​ზოგადად, არსებობს დაავადებები და მდგომარეობები, როდესაც ყიფლიბანდი ადრე იხურება, ესენია მიკროცეფალია, ჰიპერთირეოიდიზმი, ჰიპერპარათირეოიდიზმი, კრანიოსინოსტოზი და სხვა, მაგრამ აღნიშნული მდგომარეობები არ მიმდინარეობს მხოლოდ ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვით, შესაბამისად, სხვა გამოვლინებები იპყრობს როგორც მშობლის, ასევე ექიმის ყურადღებას.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები და რატომ უნდა ვუყიდოთ წითელი სათამაშოები? - პედიატრ თამარ ობაგიძის რჩევები

რატომ არ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები და რატომ უნდა ვუყიდოთ წითელი სათამაშოები? - პედიატრ თამარ ობაგიძის რჩევები

რატომ არ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები და რატომ უნდა ვუყიდოთ წითელი სათამაშოები? - ამ თემაზე პედიატრი ​თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„თუ ფიქრობ, რომ ახალშობილი ვერ ხედავს, არც ესმის და სამყაროს ვერ აღიქვამს, ძალიან ცდები. მისი გრძნობათა ორგანოები ფუნქციონირებას ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს.

მხედველობა

თუ გსურს, ახალშობილმა კარგად დაგინახოს და აღგიქვას, მას 25 სმ-ზე უნდა მიუახლოვდე.
იცით, რომ სწორედ ეს მანძილია თქვენსა და შენი შვილის თვალებს შორის, როცა მას ძუძუს აწოვებ? გაიხსენე და დაკვირდი, როგორ შემოგყურებს ძუძუს წოვის დროს თვალებში, გათვალიერებთ, გეალერსება. ხომ სასწაულია?
თუ საწოლთან წითელი ფერის სათამაშოს დაუკიდებ, აუცილებლად მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. და იცი რატომ? მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფი მხოლოდ წითელს ხედავს.
საშვილოსნო ხომ უხვად მარაგდება სისხლძარღვებით და გარემოც სრულიად წითელია. ამიტომ ის ახალშობილისათვის ერთგვარად მშობლიური ფერია.

სმენა

ძლიერი ხმაურისას შენი პატარა კრთება. მას მშობლების ხმაც ახსოვს, გულისცემაც იმ 9 თვის მანძილზე, რაც დედის წიაღში გაატარა. და თუ ამ ხნის მანძილზე ესაუბრებოდით, ეალერსებოდით, ის დედიკოს და მამიკოს ხმასაც იცნობს და მისი გაგონება ამშვიდებს.
აუცილებლად ესაუბრე ბავშვს დაბადებისთანავე, არ აქვს მნიშვნელობა ზღაპარს მოუყვები, უმღერებ თუ უბრალოდ, დღის ამბებს უამბობ, მის სმენას ეს აუცილებლად ეამება და განავითარებს.

გემოვნება

გემოვნების რეცეპტორები ასევე მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება. სანაყოფე წყლის ჩაყლაპვისას ნაყოფი გემოებს ანსხვავებს.
წარმოდიგინე, მას მომდევნო ცხოვრების მანძილზე ის საკვები უფრო მოსწონს, რასაც მისი დედიოკო ორსულობის დროს მიირთმევდა. ამას უამრავი კვლევა ადასტურებს!
თუ ახალშობილს მოულოდნელად ხელოვნურ საკვებს მისცემ ძუძუს ნაცვლად, ის აუცილებლად გააპროტესტებს - მისთვის საუკეთესო გემო სწორედ დედის რძის გემოა!

ყნოსვა

განვითარება ყნოსვასაც სჭირდება! თუმცა არ გეგონოს, ახალშობილი სუნს ვერ გრძნობს.
მისთის მშობლიური და საყვარელი თქვენი სხეულის და რძის სუნია. ამიტომ გაჭირვეულებული ბავშვის დამშვიდების მცდელობა არავის გამოსდის ისე კარგად, როგორც დედიკოს. სხეულთან შეხებაც საკმარისია ხშირად! ახალშობილმა შენი სუნიც კი იცის!

შეხება

ეს გრძნობა ახალშობილს ყველაზე განვითარებული აქვს და ს წორედ ტაქტილური რეცეპტორებით ცდილობს, უკეთ შეიცნოს საყარო.
მისი ხელისგულები ადვილად პოულობენ სიახლეს ირგვლივ.
ამიტომ არასოდეს ჩააცვა შინ პაწაწინა ხელთათმანები გასათბობად, მიეცი საშუალება უფრო აქტიურად შეიმეცნოს სამყარო შეხებით.
დააჭერი ფრჩხილები, რომ არ დაიკაწროს სახე.
ხელთათმანები კი მხოლოდ გარეთ გასვლისას გამოიყენე.
და კიდევ, აუცილებლად მოეფერე სხეულზე ახალშობილს. მშობლების შეხება მას ძალიან სიამოვნებს!“

წაიკითხეთ სრულად