- ქალბატონო ეკა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი პატარას ყიფლიბანდი?
- ახალშობილს შესაძლოა, ესინჯებოდეს ორი - დიდი და პატარა ზომის ყიფლიბანდი. წინ მდებარეს, შუბლისა და თხემის ძვლებს შორის ეწოდება დიდი ყიფლიბანდი, ხოლო უკან მდებარეს თხემის და კეფის ძვალს შორის - მცირე ყიფლიბანდი. ორივე ყიფლიბანდი არის რბილი და ბრტყელი. ხანდახან მშობელმა შეიძლება შენიშნოს დიდი ყიფლიბანდის პერიოდული პულსაცია, რაც ხშირია, განსაკუთრებით მტირალ ან აღგზნებულ ჩვილებში, თუმცა პრობლემას არ წარმოადგენს.
- დაახლოებით, რამდენ ხანში უნდა დაეხუროს ბავშვს ყიფლიბანდი?
- ყიფლიბანდის დახურვის ვადები საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორც წესი უკანა, ანუ მცირე ყიფლიბანდი იხურება 2 თვის ასაკისათვის, ხოლო წინა ანუ დიდი ყიფლიბანდი შეიძლება, დაიხუროს 5-დან 24 თვემდე ასაკში. შესაბამისად, ყიფლიბანდის „ადრეული“ ან „გვიანი“ დახურვა შეიძლება იყოს ნორმის ვარიანტი.
- ყიფლიბანდის დახურვის ვადებთან დაკავშირებით, რა შემთხვევები უნდა მიიჩნიოს მშობელმა პრობლემად და მიმართოს ექიმს?
- ვინაიდან არ არსებობს კონკრეტული ასაკი, როდესაც უნდა დაიხუროს ყიფლიბანდი, რთულია მხოლოდ ამ კრიტერიუმით შეფასდეს პრობლემა. მეტად საყურადღებოა დიდი ყიფლიბანდის მუდმივი პულსაცია, ძლიერი დაჭიმულობა და ამობურცულობა, რაც შესაძლოა, მიუთითებდეს გაზრდილ ქალას შიდა წნევაზე და აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ასევე ვიზუალურად ძლიერ ჩაღრმავებული ყიფლიბანდი საყურადღებოა, ეს შეიძლება მიუთითებდეს ძლიერ გაუწყლოვნებაზე ან მალნუტრიციაზე.
- რა არის ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვის მიზეზი?
- უხშირესად ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა ნორმის ვარიანტია. მხოლოდ ყიფლიბანდის დახურვის ვადა, სხვა ასოცირებული ჩივილების გარეშე, პრობლემას არ წარმოადგენს. არსებობს რიგი დაავადებები, რომლის დროსაც ვლინდება ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა. ესენია - თანდაყოლილი ჰიპოთირეოიდიზმი, გაზრდილი ქალას შიდა წნევა, დაუნის სინდრომი, რაქიტი. ჩამოთვლილ დაავადებებს და მდგომარეობებს თან ახლავს სხვა მნიშვნელოვანი ჩივილები და ისინი არ ვლინდება მხოლოდ ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვით.
- რამ შეიძლება დააჩქაროს მისი დახურვა?
- ყიფლიბანდის ადრეული დახურვა არც ისე იშვიათია და ის ნორმაა სხვა მხრივ ჯანმრთელ ბავშვთან. ეს გულისხმობს, რომ თუ ბავშვი ვითარდება ნორმალურად, მისი ფიზიკური განვითარება შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს, არ აღენიშნება სხვა თანხმლები ჩივილები, მხოლოდ ყოფლიბანდის დახურვის ვადა არარელევანტურია.
ზოგადად, არსებობს დაავადებები და მდგომარეობები, როდესაც ყიფლიბანდი ადრე იხურება, ესენია მიკროცეფალია, ჰიპერთირეოიდიზმი, ჰიპერპარათირეოიდიზმი, კრანიოსინოსტოზი და სხვა, მაგრამ აღნიშნული მდგომარეობები არ მიმდინარეობს მხოლოდ ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვით, შესაბამისად, სხვა გამოვლინებები იპყრობს როგორც მშობლის, ასევე ექიმის ყურადღებას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური