Baby Bag

მეცნიერების მტკიცებით, ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეგვიძლია

მეცნიერების მტკიცებით, ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეგვიძლია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეიძლება. მერილენდის უნივერსიტეტის, ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის ერთობლივი კვლევების შედეგად მეცნიერებმა 165 ბავშვის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეისწავლეს. ისინი უმეტესად 14 თვის ასაკის პატარებს აკვირდებოდნენ. მეცნიერებმა სხვადასხვა ტემპერამენტის მქონე ბავშვები შეისწავლეს.

ბავშვები, რომლებსაც მოქმედების დროს მეტისმეტი სიფრთხილე და წინდახედულობა ახასიათებთ, ზრდასრულ ასაკში სოციუმისგან განცალკევებისა და შფოთვითი აშლილობისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებენ. როგორც წესი, ზედმეტად ფრთხილ ბავშვებს მათთვის უცნობი პიროვნებები ან საგნები ძალიან აშინებთ. კვლევებით დადგინდა, რომ პატარები, რომლებიც შედარებით ლაღი ხასიათით გამოირჩევიან, ზრდასრულ ასაკში შფოთვითი აშლილობებით ნაკლებად იტანჯებიან.

ბავშვების განვითარების თავისებურებებზე დასაკვირვებლად მეცნიერებმა 115 ბავშვი 15 წლის ასაკში სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასეს, ხოლო 109 ზრდასრული 26 წლის ასაკში შეფასდა. მეცნიერები მოზარდების და ზრდასრულების ფსიქოპათოლოგიას, სოციალურ ფუნქციებს, პიროვნულ მახასიათებლებს, განათლების დონესა და შემოსავლებს აფასებდნენ.

კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ჩვილობისას სიახლეებისადმი შიშსა და შფოთვას იჩენდნენ, 26 წლის ასაკში ჩაკეტილ და იდუმალ პიროვნებებად ყალიბდებოდნენ. მათ თინეიჯერობიდან ადრეულ ზრდასრულობამდე რომანტიკული თავგადასავლები ნაკლებად ჰქონდათ, ხოლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა უძნელდებოდათ. ჩვილობის ასაკში სიფრთხილისა და შიშის მაღალი მაჩვენებელი ზრდასრულთა განათლების დონესა და შემოსავლებზე გავლენას არ ახდენდა.

კვლევით დადასტურდა, რომ იმ ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებსაც 15 წლის ასაკში შეცდომების დაშვების შიში ჰქონდათ, 26 წლის ასაკში შფოთვითი აშლილობებითა და დეპრესიით იტანჯებოდა.

ბავშვობის ასაკის თავისებურებები ადამიანის ფსიქიკურ განვითარებაზე რომ უდიდეს გავლენას ახდენს, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულ ასაკში გამოვლენილი ფსიქიკური პრობლემების პირველწყაროების მოძიება ჩვილობის ასაკშიც შეგვიძლია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევა ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს ფსიქიკური აშლილობებისკენ მიდრეკილი ადამიანების ადრეულ ასაკში იდენტიფიცირების შესაძლებლობას მისცემს. რისკ-ჯგუფების ნაადრევად გამოვლენა მათ მომავალში ფსიქიკური პრობლემების განვითარებისგან დაიცავს და მშობლებს აღნიშნული პრობლემების პრევენციის შესაძლებლობებს მისცემს.

კვლევის ორგანიზატორების თქმით, ისინი საკვლევი ჯგუფების გაფართოებას და მიღებული შედეგების ფართო პოპულაციაზე განვრცობას გეგმავენ. 

მომზადებულია ​thejakartapost.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

ხელების ხშირი დაბანით, ასევე ხელის სადეზინფექციო ხსნარით და სამედიცინო ხელთათმანების გამოყენებით გამოწვეული მშრალი კანის პრობლემა - რა უნდა ვიცოდეთ და რით შეიძლება მასთან გამკლავება?

ხელების ხშირი დაბანით, ასევე ხელის სადეზინფექციო ხსნარით და სამედიცინო ხელთათმანების გამოყენებით გამოწვეული მშრალი კანის პრობლემა - რა უნდა ვიცოდეთ და რით შეიძლება მასთან გამკლავება?

COVID-19-თან დაკავშირებული ხელების ხშირი დაბანით, ასევე ხელის სადეზინფექციო ხსნარით და სამედიცინო ხელთათმანების გამოყენებით გამოწვეული მშრალი კანის პრობლემა - რა უნდა ვიცოდეთ და რით შეიძლება მასთან გამკლავება? - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის რჩევებს:

„რეკომენდაციები:
1. დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში საპნით და თბილი წყლით (არა ცხელი წყლით) - წყლის ტემპერატურა < 38C (Lukewarm Water) - გახსოვდეთ ხელების დაბანა ერთ-ერთი ეფექტური პრევენციაა დაინფიცირებისგან თავის დასცავად;
2. გაიმშრალეთ ხელები სუფთა პირსახოცით ისე, რომ ხელებზე დარჩეს ტენიანობა, ანუ „ძალიან არ გაიმშრალოთ“ (Leave some water on them);
3. წაისვით ბარდას ზომის (pea-sized amount) ხელის დამატენიანებელი ან მალამო დაუყოვნებლივ (immediately) წყალთან შეხების შემდეგ ისე, რომ დატენიანებულ იქნას თითის წვერებიც და ფრჩხილებიც.
რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას შემდეგი სახის დამატენიანებლები:
  • ა. რომელიც შეიცავს მინერალურ ზეთს (mineral oil) ან ვაზელინს (petroleum jelly),
  • ბ. გამოდის ტუბის სახით, ვიდრე ტუმბო-ბოთლის სახით,
  • გ. არის პარფიუმის გარეშე (fragrance-free) და საღებავის, მღებავი ნივთიერების გარეშე (dye-free) - უსუნო!!
  • დ. ან შეიცავს შარდოვანას (Urea) და ცერამიდს (Ceramide)

​4. როდესაც იყენებთ ხელის სადეზინფექციო ხსნარს, წაისვით დამატენიანებელი კრემი ან მალამო დაუყოვნებლივ (immediately) როგორც კი სადეზინფექციო ხსნარი შეშრება. (რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, ხელის სადეზინფექციო ხსნარი შეიცავს მინიმუმ 60% ალკოჰოლს იმისათვის, რომ მოკლას მიკრობი, ამიტომ ის ძალიან აშრობს კანს);

​5. უფრო ძვირი პროდუქცია არ ნიშნავს უფრო უკეთესს, ან ეფექტურს - არ მოტყუვდეთ;

​6. მიკრობების ათვისების რისკი იზრდება მშრალი კანის შემთხვევაში, ამიტომ ხელების დაბანასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელების დატენიანება,“ - წერს ექიმი ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად