Baby Bag

არასდროს დატოვოთ ბავშვები ჩახუტების გარეშე, ძილის წინ მათთვის დრო აუცილებლად გამონახეთ

არასდროს დატოვოთ ბავშვები ჩახუტების გარეშე, ძილის წინ მათთვის დრო აუცილებლად გამონახეთ
ბავშვი ღამით მასთან ერთად დაწოლას ან ჩახუტებას თუ გთხოვთ, ექსპერტების მოსაზრებები დაივიწყეთ და მისი თხოვნა შეასრულეთ. პატარები ძილის წინ ხშირად ჭირვეულობენ. ისინი მშობლებს კიდევ ერთი ზღაპრის წაკითხვას, ჩახუტებას და მათთან ერთად დაძინებას სთხოვენ. როგორც წესი, უფროსები ბავშვების დროულად და სწრაფად დაძინებას ცდილობენ, რათა ყოველდღიურ საქმიანობას დროულად მორჩნენ. ისინი თვლიან, რომ ბავშვების ახირებების შესრულება მათ ძალიან ბევრ დროს წაართმევს. ზოგიერთი მშობელი კი მიიჩნევს, რომ ღამით ბავშვებთან ერთად წამოწოლა ძალიან ცუდი ჩვევაა. მიუხედავად ამისა, მშობლების ნაწილი ცდილობს ბავშვებს თხოვნა შეუსრულოს, რადგან თვლის, რომ ამ საოცარ წუთებს ცხოვრებაში ვეღარასდროს დაიბრუნებს.

მშობლები, რომლებიც ღამით ბავშვებთან ერთად წამოწოლას და მათი თხოვნის შესრულებას თავს არ არიდებენ, სწორად იქცევიან. უფროსებს ყოველთვის რაღაც საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ვერასდროს ვიცლით ბავშვებისთვის ისე, როგორც ეს მათ სჭირდებათ, ვცდილობთ, დრო ისე გადავანაწილოთ, რომ ყველაფერი მოვასწროთ, რაც გასაკეთებელი გვაქვს, რის გამოც ჩვენი შვილების წინაშე თავს ხშირად დამნაშავედ ვგრძნობთ.


ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“


ერთ-ერთი მშობელი იხსენებს, რომ ის ყოველთვის ცდილობდა ბავშვების დროულად დაძინებას, უარს ამბობდა მათთან წამოწოლაზე, რადგან მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა გასაკეთებელი. ერთ ღამეს ის შვილების საძინებელში შეიპარა, როდესაც ბავშვებს ეძინათ. მისმა უმცროსმა ქალიშვილმა დედის ოთახში ყოფნა იგრძნო და მაშინვე გამოიღვიძა. ის დედას ჩახუტებას სთხოვდა. დედამ მისი თხოვნა შეასრულა. ბავშვთან ერთად წამოწვა და შვილს ჩაეხუტა. ბავშვმა მაშინვე ღრმად ჩაიძინა. დედის თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი წუთი იყო მის ცხოვრებაში. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ბავშვებთან გატარებული თითოეული წუთი ძალიან მნიშვნელოვანია. ღამის საათებში შვილებთან ერთად წამოწოლა, მათი ფიქრების, საზრუნავის და ოცნებების მოსმენა, მათი სიხარულის გაზიარება და მათ გვერდით ყოფნა ნებისმიერი დედისთვის დაუვიწყარია. ეს ის საჩუქარია, რომელსაც ყველა მშობელი უნდა გაუფრთხილდეს.

ექსპერტების მოსაზრებები დედებისთვის ყოველთვის გამოსადეგი არ არის. შვილებისთვის ძილის წინ დამატებითი დროის გამოყოფა არავის დააზიანებს. გახსოვდეთ, რომ ბავშვები ერთ დღესაც შეწყვეტენ მშობლებისთვის ჩახუტების ან მათთან ერთად დაძინების თხოვნას. შესაძლოა, ეს ხვალ არ მოხდეს, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ისინი თქვენი ჩახუტებისა და ზღაპრების გარეშე ტკბილად დაძინებას შეძლებენ. ის, რაც დღეს სამუდამოდ გეჩვენებათ, ერთ დღეს გაქრება და თქვენ საოცარი მოგონებების შეგროვებას დაიწყებთ, მაგრამ თუ ყოველთვის ექსპერტების რჩევებს მიენდობით, აღმოაჩენთ, რომ ასეთი მოგონებები ძალიან ცოტა გაქვთ.

თეფშებისა და თეთრეულის რეცხვა მოიცდის, არც გადასახადების გადახდაა მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში 20 წლის შემდეგაც იქნება, მაგრამ 20 წლის შემდეგ თქვენ აღარ გეყოლებათ 3 წლის შვილი, რომელსაც თქვენი მოფერება და ჩახუტება ძალიან სჭირდება.

გახსოვდეთ, თქვენი შვილები იმაზე სწრაფად იზრდებიან, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ასაკთან ერთად ისინი დამოუკიდებლად ძილს მიეჩვევიან. 18 წლის ასაკში შვილები ნამდვილად არ მოგთხოვენ ღამით ზღაპრის წაკითხვას ან მათთან ერთად დაძინებას. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შვილს ღამით ჩახუტებაზე ან ზღაპრის მოყოლაზე უარი უნდა უთხრათ. არასდროს დატოვოთ ბავშვები ჩახუტების გარეშე. ძილის წინ მათთვის დრო აუცილებლად გამონახეთ.

თქვენ დღეში 1440 წუთი გაქვთ იმისთვის, რომ სხვადასხვა საქმით დაკავდეთ. თქვენი შვილები კი თქვენგან მხოლოდ რამდენიმე წუთს და მცირე ყურადღებას ითხოვენ.

მომზადებულია ​thesoccermomblog.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველას გთხოვთ, რომ ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს, იყოს ღიმილი,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

„ყველას გთხოვთ, რომ ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს, იყოს ღიმილი,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

​​ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის ცხოვრებაში ღიმილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის ღიმილი თავისუფალი, გულწრფელი და გადამდებია:

„ბავშვის ღიმილი, განსაკუთრებით პირველი 3-5 წლის განმავლობაში აბსოლუტურად თავისუფალი და გადამდებია. როდესაც ბავშვი იცინის, ყველა მოზრდილი, ვინც არის ბავშვთან ერთად, ავტომატურად იწყებს სიცილს. ეს გადამდები სიცილი თავის ტვინის სარკისებური ნეირონების დამსახურებაა.“

ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვებს ხშირად გაუღიმონ:

„ყველას გთხოვთ, რომ ​ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვე​ბთ ბავშვს იყოს ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ბავშვისთვის ეს ძალიან იოლი მიმღებლობაა. გაიღიმეთ, რა თქმა უნდა, ბუნებრივად და არა იძულებით, რომ ბავშვმა ეს დაინახოს. ბავშვი ამას გრძნობს ძალიან კარგად. ჩვენი სახე და მერე უკვე ჩვენი ქმედებები, მოძრაობები, ბავშვისთვის არის კოდი. ეს არის შიფრი ქცევისა, თუ როგორ მოვიქცე.“

„მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დადებითი ფორმით ურთიერთობა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ემოცია. ემოციის ყველაზე კარგი და ლამაზი გამოხატვა არის ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს უნიკალური ენაა მთელს მსოფლიოში, ყველა ადამიანში, განსაკუთრებით ბავშვებში. ​გაუღიმეთ ბავშვს, მისგან მიიღებთ უფრო მეტ ღიმილს, უფრო ბუნებრივ ღიმილს, რომელიც ისევ თქვენ გაგაცინებთ. ღიმილით და სიკეთით იცხოვრეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას,“ - აღნიშნა ბაკურ კოტეტიშვილმა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად