Baby Bag

10 პროდუქტი, რომელიც ჩვილის კანს აღიზიანებს

10 პროდუქტი, რომელიც ჩვილის კანს აღიზიანებს

ახალბედა დედებს ჩვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ძალიან ბევრი რამის სწავლა უხდებათ. ახალშობილის კანის მოვლა დედების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ჩვილებს ძალიან მგრძნობიარე და დელიკატური კანი აქვთ, რის გამოც მასზე ზრუნვა საკმაოდ სერიოზული საქმეა. სხვადასხვა საგანთან კონტაქტის დროს ახალშობილის კანი მარტივად ღიზიანდება. თავდაპირველად დედებს უჭირთ იმის გარკვევა, თუ რამ გამოიწვია ბავშვის კანის გაწითლება ან გაუხეშება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მთავარი გამღიზიანებლების გამოვლენა შედარებით მარტივდება. თუ თქვენ ახალბედა დედა ხართ და ჩვილის კანის მოვლაზე ბევრი არაფერი იცით, ჩვენს სტატიას ყურადღებით გაეცანით, რათა ბავშვი იმ ნივთებისა და პროდუქტებისგან დაიცვათ, რომლებიც მის კანს აზიანებენ.


• აბრაზიულად დამუშავებული ლითონის მასალა

ჩვილი ბავშვის ტანსაცმელი მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს. როგორც წესი, ახალშობილის ტანისამოსს რამდენიმე ელვა შესაკრავი მაინც აქვს, რომელიც ბავშვის კანს გამუდმებით ეხახუნება. შესაკრავები უმეტესად ისეთი მასალისგან მზადდება, რომელიც ახალშობილის ნაზი კანისთვის საზიანო არ არის, თუმცა რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ელვა შესაკრავის შემადგენლობაში ისეთი ნაერთები შედიოდეს, რომელიც ბავშვის კანს აღიზიანებს. ნიკელისგან დამზადებული შესაკრავები ჩვილისთვის საზიანოა. თუ თქვენი შვილის კანი მგრძნობიარეა, შესაკრავთან კონტაქტის ადგილას მას წითელი ლაქები გაუჩნდება და დაზიანებული კანი შეუშუპდება.

• მზისგან დამცავი კრემი

ჩვილი ბავშვი გარეთ თუ გაგყავთ, მისი კანის მზისგან დასაცავად ქუდი ან ქოლგა უნდა გამოიყენოთ. მშობლების ნაწილი მეტისმეტი სიფრთხილის გამო ჩვილს ბუნებაში გასეირნებისას მზისგან დამცავ კრემსაც უსვამს. მზისგან დამცავ კრემში შემავალი ინგრედიენტები საკმაოდ მრავალფეროვანია. ზოგიერთ მათგანს ჩვილის კანზე გამონაყარის გაჩენის უნარი შესწევს. გარდა ამისა, მზისგან დამცავი კრემი ახალშობილის კანის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დასაცავად ყოველთვის ეფექტური არ არის. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, მზისგან დამაცვი კრემის გამოყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის, რადგან ჩვილის კანი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

• სურნელოვანი ლოსიონები

სურნელოვანი ლოსიონი დედების ერთ-ერთ საყვარელ პროდუქტად ითვლება, მისი გამოყენებისას ჩვილს სასიამოვნო არომატი ასდის, რაც უფროსებს ძალიან ხიბლავთ, თუმცა ლოსიონებისთვის განსაკუთრებული სურნელის მისანიჭებლად, მწარმოებლები მას სხვადასხვა ქიმიური ნაერთებით ამდიდრებენ. აღნიშნული ნაერთები ჩვილის კანისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ბავშვების ნაწილს სურნელოვან ლოსიონებზე ალერგიული რეაქცია უვლინდება. ჩვილებს, რომლებსაც სხვადასხვა ქიმიური ნაერთისადმი განსაკუთრებით მაღალი მგრძნობელობა აქვთ, ხშირად ატოპიური დერმატიტის დიაგნოზს უსვამენ. პატარებს გაღიზიანებული კანი ექავებათ და თავს არაკომფორტულად გრძნობენ. უმჯობესია, ჩვილ ბავშვებში უსუნო ლოსიონები გამოიყენოთ, რათა მათი ნაზი კანი გაღიზიანებისგან დაიცვათ.

• მოზრდილებისთვის განკუთვნილი კანის მოვლის საშუალებები

მოზრდილებისთვის განკუთვნილი კანის მოვლის საშუალებების ჩვილებში გამოყენებას საკმაოდ ბევრი უკუჩვენება აქვს. როგორც წესი, მსგავსი პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი ძლიერი ქიმიური ნაერთები ბავშვებში ალერგიულ რეაქციებს იწვევს და მათ კანსაც მნიშვნელოვნად აზიანებს. მედიკოსები დედებს ურჩევენ, რომ ახალშობილების კანის მოვლისთვის მხოლოდ ჩვილებისთვის განკუთვნილი პროდუქტები გამოიყენონ.

• სურნელოვანი სარეცხი საშუალებები

სურნელოვანი სარეცხი საშუალებები ჩვილის კანს მეტისმეტად აღიზიანებს. მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებები კანის სიწითლის და სხვადასხვა ანთებითი პროცესის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გვევლინება. სურნელოვანი საშუალებებით გარეცხილი ტანსაცმლის ჩაცმის შემდეგ მგრძნობიარე კანის მქონე ჩვილებს სიწითლე და გამოყანარი ხშირად აწუხებთ. ახალშობილის ტანსაცმლის გარეცხვის შემდეგ აუცილებელია სუფთა წყალში მათი საგულდაგულოდ გავლება, რათა ტანსაცმლიდან სარეცხი საშუალების კვალის გაქრობა შეძლოთ. უმჯობესია, თუ ბავშვის ტანსაცმელს სურნელოვანი სარეცხი საშუალებებით არ გარეცხავთ.

• ბავშვის სველი ხელსახოცი

დედები ბავშვის კანის გასასუფთავებლად სველ ხელსახოცებს რეგულარულად იყენებენ. საბავშვო სველი ხელსახოცების უდიდესი ნაწილი მეთილიზოთიაზოლინს შეიცავს. კვლევებით დასტურდება, რომ აღნიშნული კონსერვანტი კანზე მტკივნეული გამოყანარის გაჩენას იწვევს. მედიკოსები დედებს მოუწოდებენ, რომ სველი ხელსახოცის შეძენამდე ყურადღებით გაეცნონ პროდუქტის შემადგენლობას და არ შეიძინონ ისეთი სველი ხელსახოცები, რომლებიც მეთილიზოთიაზოლინს შეიცავს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


• არომატული საპონი

ჩვეულებრივი საპონი ბევრ ისეთ ინგრედიენტს შეიცავს, რომლებიც ჩვილის კანისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. არომატული საპონის შემადგენლობაში კი დამატებით ფორმალდეჰიდი და ნატრიუმის ლაურილის სულფატიც შედის. აღნიშნული პროდუქტები ფილტვებს, კანსა და თვალებს აღიზიანებს. პედიატრთა ნაწილი თვლის, რომ არომატული საპონი ატოპიური დერმატიტის განვითარებასაც უწყობს ხელს. ჩვილის კანის დასაცავად სპეციალურად ახალშობილებისთვის განკუთვნილი ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული საპონი უნდა გამოიყენოთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომელი ჰიგიენური საშუალებების შეძენა გსურთ, რეკომენდაციისთვის პედიატრს მიმართეთ.

• დაბინძურებული საფენები

ბავშვებს საფენები დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა გამოუცვალოთ. თუ ბავშვი საფენს ხანგრძლივად ატარებს, მისი ნაზი კანი ღიზიანდება. შარდით ან ფეკალიებით დაბინძურებული საფენი ბავშვს დროულად უნდა გამოუცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას კანზე დამწვრობები და წყლულები გაუჩნდება.

• სინთეთიკური სამოსი

ბავშვის ტანსაცმელი სხვადასხვა მასალისგან მზადდება. სინთეთიკური სამოსის ტარება ჩვილისთვის რეკომენდებული არ არის, რადგან ის კანის გაღიზიანებას იწვევს. ტანსაცმელი რომელიც არ სუნთქავს, ბავშვის კანს აზიანებს, რადგან ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი მავნე ქიმიური ნაერთები მასზე ნეგატიურად ზემოქმედებს. თუ თქვენს ჩვილს მგრძნობიარე კანი აქვს ან ბავშვი ალერგიულია, მას მხოლოდ ნატურალური მასალისგან დამზადებული ტანისამოსი უნდა ჩააცვათ.

• საწმენდი საშუალებები

იატაკისა და ავეჯის ზედაპირის გასუფთავების მიზნით დიასახლისები საწმენდ საშუალებებს აქტიურად იყენებენ. მსგავსი პროდუქტები დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ან შედარებით ნაკლებად მავნე ნივთიერებებს შეიცავს. დიასახლისები ცდილობენ ჯანსაღი ინგრედიენტებისგან დამზადებული საწმენდი საშუალებები გამოიყენონ, რაც სავსებით ბუნებრივია, თუმცა, მსგავსი ტიპის პროდუქტები დიდი რაოდენობით ამიაკს შეიცავს. ეს უკანასკნელი კი ჩვილი ბავშვების კანს აღიზიანებს. ამიაკთან ზედაპირული კონტაქტის დროს ბავშვის კანი წითლდება და პატარას ქავილის შეგრძნება აწუხებს. მსგავსი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია იატაკის და ავეჯის ზედაპირის გასასუფთავებლად ძმარი ან სოდიანი წყალი გამოიყენოთ. 

მომზადებულია babygaga.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება,“ - მარინა კაჭარავა

„როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მშობლის მხრიდან ბავშვის აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის თვითშეფასებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია:

„თუ ადამიანი მშობლების გულს ვერ მოიგებს, მას განცდაში აქვს, რომ ვერასდროს ვერავის გულს ვერ მოიგებს. თუ მან ეს არ გააცნობიერა და არ შეცვალა, ძალიან ბევრს წვალობს. თვითშეფასება ყალიბდება ჩვენი დაცინვით, ხუმრობით, ნეგატიური შეფასებებით. ​ადრე იყო ასე, რომ არ უნდა აქო შვილი. იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ გაფუჭდება, თავში აუვარდება. პიროვნების ქება არ არის საჭირო. პიროვნება უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. პატივი უნდა ვცეთ მას. შენ ჩემთვის ხარ ძალიან ძვირფასი. როდესაც კარგად იქცევი, ამას აღვნიშნავ. როდესაც ცუდად იქცევი, ამასაც აღვნიშნავ.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვი კარგი ქცევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა წავახალისოთ:

„კარგი მოქცევის შემთხვევაში ბავშვი წახალისებული თუ არ არის, კარგი ქცევის ანულირება ხდება იგნორირების შედეგად. როგორ ხდება ქცევის გაქრობა საერთოდ? ერთი არის უარყოფა: არ დაგინახო, ეს მეორედ გააკეთო! მეორე არის მისი იგნორირება. ​როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, რაღაც ეტაპზე ქცევა უნდა დაიგნორდეს და ადამიანზე გადავიდეს ყურადღება, თვითონ პიროვნებაზე, მასთან ურთიერთობაზე. ამ შემთხვევაში ქცევა ნელ-ნელა გაქრება.“

„ზოგიერთი ქცევა ძალიან აშინებთ მშობლებს: ეს არის წიკები, სექსუალური ტიპის თამაშები, რომელიც ბავშვებს აქვთ ხოლმე, რაც მშობელს აფრთხობს. უნდა დაიგნორდეს ეს ქცევა და უნდა გადავიტანოთ ყურადღება ბავშვზე. თუ მშობელი ეტყვის: „​არ დაგინახო, მეორედ ეს გააკეთო! ცუდი ბიჭი ხარ! ასე არ იქცევიან“ და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს ქცევა დაფიქსირდება და იატაკქვეშეთში მიდის. ბავშვი კარადაში შეძვრება და მაინც იმას გააკეთებს, რასაც უშლიდნენ. ფაქიზია ბავშვთან ურთიერთობა. საჭიროა მასთან ერთად საუბარი, განსჯა. მას უნდა ვკითხოთ რაღაცები, რაზეც შეუძლია პასუხი გაგვცეს, რაც მას ეხება,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად