Baby Bag

​პირველი დღე სამშობიაროდან შინ დაბრუნების შემდეგ

​პირველი დღე სამშობიაროდან შინ დაბრუნების შემდეგ

პირველი დღე სამშობიაროდან შინ დაბრუნების შემდეგ, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„ეს დღეც დადგა - უკან დარჩა მშობლების, მეგობრების დარიგებები, თეთრხალათიანთა არმია, უსიამოვნო, მაგრამ საჭირო სამედიცინო ჩარევები, სამშობიარო ტკივილი ან საკეისრო კვეთისშემდგომი პრობლემები.
შენ დედა გახდი! არ ვიცი, აცნობიერებ თუ არა ბოლომდე, მაგრამ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა! ახლა შენს წინ პაწაწინა არსებაა, ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი!
დგახარ სამშობიარო სახლის კარის ზღურბლთან საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და პირველი, რაც გეფიქრება, ალბათ, არის შემდეგი - შინ ბევრი პრობლემაა, იქ არც ექიმია, არც მედდა, სამაგიეროდ, არიან ყველაფრის მცოდნე მშობლები, მეგობრები და ცოტა შენსავით დაბნეული მეუღლე.
მოდი, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ იმ პირველი მთავარი 24 საათისათვის, როცა შინ ოჯახის ახალი წევრით დაბრუნდები.

სხეულის ფორმები

თუ შენ ფიქრობდი, რომ მშობიარობის შემდეგ შენი სხეული და წონა ჩვეულ ფორმებს დაუბრუნდებოდა, იმედი უნდა გაგიცრუო. ეს ასე არ მოხდება. ჩვეული წონის დაბრუნებას რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო მშობიარობისშემდგომი მუცლის ზომები ისევ დაგამსაგავსებს ორსულ ქალს, თუმცა დროებით. ამიტომ საშმობიაროდან გამოწერის დღისათვის ნუ შეიგულებ ძველ სამოსს, ჩვეული ამბავია ორსულობისდროინდელი ტანსაცმლით დაბრუნება სამშობიაროდან შინ.

პატარას სამოსი

აქ რჩევა-დარიგებების კასკადი და სიფრთხილის გადაჭარბებული დოზები გელის. გახსოვდეს, ახალშობილს ჩააცვი ისევე, როგორც შენ იცვამ, მაგრამ დაუმატე სამოსის კიდევ ერთი ფენა და ახალშობილისათვის განკუთვნილი პლედი.

საკვები

იდეალური საკვები პატარასთვის დედის რძეა, ამიტომ ეცადე, სამშობიაროშივე ისწავლო ძუძუთი სწორად კვება. ამაში მედდა დაგეხმარება.
არ მისცე პატარას რაიმე სახის ხელოვნური საკვები იმ მოტივით, რომ მას რძე არ ყოფნის.
გახსოვდეს, ახალშობილი მუდმივად ითხოვს ძუძუს, რადგან მას არამარტო შიმშილი აწუხებს, არამედ შენთან კონტაქტი, შეხება, შენი ხმისა და სუნის შეგრძნება სურს. ეს ყველაფერი მისთვის უსაფრთოებას ნიშნავს! რაც შეეხება ხსენის და რძის მცირე მოცულობას დაბადების პირველ დღეებში, ახალშობილის პატრა მოცულობის კუჭისათვის ის სრულიად საკმარისია, მე-3-4 დღიდან კი „რძის მოწოლა“ დაიწყება და რძის რაოდენობაც გაიზრდება.
გაითვალისწინე, რომ შიმშილის ნიშნები გარდა ტირილისა, არის ტუჩების ცმაცუნი, ლოკვა, მოუსვენრობა. თუ ამ ნიშნებს ყურადღებას დროულად არ მიაქცევ, ცოტა ხანში პატარა მაღალი და მომთხოვნი ხმით დასჭექს.

როცა შინ სხვა პატარებიც გელიან...

თუ უკვე გყავს სხვა შვილიც, გაითვალისწინე, რომ ის მოუთმენლდ ელის შენს დაბრუნებას და ხშირად სულაც არ უნდა შენთან ერთად იმ არსების ნახვა, რომელმაც დედიკო უნდა გაუყოს.
ასე, რომ სამშობიაროში წასვლამდე უფროს და-ძმას აუხსენი, რომ სულ მალე ოჯახში მატება იქნება. შინ დაბრუნებისას წარუდგინე მათ პატარა, გააცანი, მიეცი უფლება შეეხონ. დაასაქმე უფროსი და-ძმა, დააჭერინე ხელში ახალშობილი (რა თქმა უნდა, სიფრთხილით), დაიხმარე და მოატანინე პაწაწინასთვის განკუთვნილი ნივთები - საფენები, მოვლის საშუალებები.

თუ სახლში შინაური ცხოველიც გელის...

ოჯახის ახალი წევრის წარდგენა მისთვის მანამდე სჯობს დაიწყო, ვიდრე პირადად გააცნობ. გაუგზავნე სამშობიაროდან ახალშობილის რაიმე ნივთი დასაყნოსად, ვთქვათ, სამოსი, რომელიც მას უკვე ეცვა.

პირადად გაცნობა უმტკივნეულოდ ჩაივილის, თუმცა არ მისცე საყვარელ ცხოველს უფლება, შევიდეს იმ ოთახში, სადაც ახალშობილს სძინავს.

სტუმრები

ჰოოო, აი, ამას კი ვერაფრით აარიდებ თავს. შენ ხომ ახლა ყველაზე პოპულარული ქალი ხარ სანათესაო-სამეგობროში - დედა გახდი. ამიტომ ყველას სურს გინახულოს შენც და შენი პაწაწინა შვილიკოც.
სულაც არა მოსარიდებელი, მოსთხოვო ყველა სტუმარს, პატარასთან შეხვედრამდე კარგად დაიბანოს ხელები, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც არ გრძნობს თავს ჯანმრთელად, სთხოვო, თავი შეიკავოს სტუმრობისაგან. გახსოვდეს, შენი პატარა უმწიფარი იმუნური სისტემით დაიბადა და მისთვის მიკრობები განსაკუთრებით საშიშია.

ექიმი

სულ ბოლოს გამახსენდა - შენს პატარას ექიმი სჭირდება და ის საგულდაგულოდ უნდა აირჩიო.

შემდგომი წლების მანძილზე სწორედ ის გახდება თქვენი ოჯახის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარიც და მრჩეველიც. ამიტომ ის ადამიანი უნდა მოძებნო, რომელთან ვიზიტი კი არ დაგრთგუნავს და შეგაშინებს, პირიქით, ბევრ დადებით ემოციას და სიმშვიდეს მოგიტანს.

რა კითხვები უნდა დაუსვა ექიმს პირველ შეხვედრაზე გარდა შენთვის საინტერესო სამედიცინო საკითხებისა?

1. როგორია თქვენი სამუშაო განრიგი?
2. რა არის ექიმთან გადაუდებელი ვიზიტის მიზეზი?
3. ვის და რა ნომერზე შეიძლება დავუკავშირდე გადაუდებელი შემთხვევებისას?
4. როგორი სიხშირით უნდა მოვიყვანო პატარა ჯანმრთელობის და განვითარების შესაფასებლად?
5. როცა პატარა ტირის, ნიშნავს თუ არა, რომ ის ავადაა?

ბედნიერ დედობას გისურვებ! და სანამ დაგემშვიდობები, მინდა გითხრა, ეს მხოლოდ მცირედია იმ რჩევებიდან, რაც მინდა, რომ მოგცე და გასწავლო. ასე, რომ გაგრძელება იქნება!" - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ემოციურად პირველი დღეები რთულია, მაგრამ როგორც კი თვალებს ახელს, საოცარი შეგრძნება გვეუფლება,“- ილო ბეროშვილი და ანი ბებია მშობლობის გამოცდილებაზე

ანი ბებია და ილო ბეროშვილი გადაცემაში „შენი დილა“ მშობლობის გამოცდილების შესახებ საუბრობენ. ილო ბეროშვილი ჯერის დაბადების წუთებს იხსენებს:

„ჯერი დაიბადა ხუთ ივლისს, დილის ხუთი საათი იყო, მგონი. ანიმ ძალიან იყოჩაღა. უკვე სადღაც 12 საათზე სამყაროს მოევლინა ჯერი ბეროშვილი. მე დავესწარი მშობიარობას და რატომ ამბობენ ქალებზე, რომ სუსტი სქესიაო, ჩემამდე არ დადის. მამაკაცი, ჩემი აზრით, ამას ვერ გადაიტანს. ემოციურად პირველი დღეები რთულია, ახალშობილს რაღაცები აწუხებს, მაგრამ როგორც კი თვალებს ახელს და ჩვენთან კონტაქტი აქვს, საოცარი შეგრძნება გვეუფლება.“

ანი ბებიას თქმით, ჯერი უკვე საკუთარ ხასიათს ავლენს:

„ჭამის შემდეგ იღიმის, ერთი-ორჯერ ხმითაც გაიცინა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაგარია. ჯერის ჩემნაირი ხასიათი აქვს, ჯიუტი. უკვე ავლენს თავის ხასიათებს. გულზე თუ არ არის მოწეპებული ისე არ იძინებს. ჯერის რომ ვუყურებ, მიჭირს იმის გააზრება, რომ ცხრა თვე მუცელში მყავდა. ორსულობის პერიოდში ვერ ვიაზრებდი, რომ ადამიანი გიზის მუცელში, შენი ნაწილია.“

ილო ბეროშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვის დაბადება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა:

„ახალი რიტმი გვაქვს ცხოვრებაში. დილის გადაცემაში ჯერი ხშირად გამოჩნდება. მგონი, ბავშვის პირველი სიტყვა იქნება „მთავარი“ და „მამა.“ მე ძალიან ვამსგავსებ ანის, თვალის მოყვანილობა ანისი აქვს, პირიც, მოკლედ რომ ვთქვა, ანია. ბავშვის დაბადება ჯერ ბოლომდე გაცნობიერებული არ მაქვს. ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის. ამის გააზრება ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც ბევრი საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი. ტვინით ვერ ვხვდებით რა ხდება, ამ ყველაფერს ემოციებით ვაცნობიერებთ. იმედი მაქვს, ჩემგან არ გამოყვება ის, რომ მთელი ცხოვრება ვეძებდი, რა არის ჩემი. სხვადასხვა სფეროებს ძალიან მალე მივატოვებდი ხოლმე. ფეხბურთზე დღემდე გული მწყდება. შეიძლება, მსახიობობა მოუნდეს ჯერის. დედა მსახიობია, მამაც ამ სფეროშია. ჩვენ მას არ გადავუწყვიტავთ, მან უნდა იპოვოს თავისი საყვარელი საქმიანობა.“

„არ მინდა ბავშვს ჩემი რაღაცები მოვახვიო თავს, მთავარია, განათლება მივცე. თავად უნდა აირჩიოს რა უნდა. ერთადერთი რაც მინდა, არის ის, რომ დიდხანს არ შევჭრა თმა და გრძელი თმები ჰქონდეს. ბავშვს რომ ვუყურებ, ბავშვზე მეტად ჩემი თავი მგონია უსუსური, ყველაფრის მეშინია, ძალიან დავპატარავდი. არ ვიცი, როგორი დედა ვიქნები, ალბათ, ძალიან ფეთიანი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას მოლოცვისთვის, ამდენი სიყვარულის, სითბოსა და სიკეთისთვის,“ - აღნიშნავს ანი ბებია. 

წაიკითხეთ სრულად