Baby Bag

რომელი ნივთები დავახვედროთ სახლში ახალშობილს და რაზე არ ღირს ფულის დახარჯვა?

რომელი ნივთები დავახვედროთ სახლში ახალშობილს და რაზე არ ღირს ფულის დახარჯვა?

ახლაშობილისთვის ნივთების შეძენას თუ გეგმავთ და საბავშვო მაღაზიას ესტუმრებით, არჩევანის მრავალფეროვნება თავბრუს დაგახვევთ. ახალბედა დედებს საკუთარი შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესო სურთ და როგორც წესი, ისინი ჩვილისთვის ბევრ ისეთ ნივთს ყიდულობენ, რომლებიც ახალშობილს სულაც არ ​სჭირდება. თუ საყიდლებზე წასვლას გეგმავთ, ეცადეთ ნივთები საჭიროების მიხედვით შეარჩიოთ. ბუნებრივია, საფენების, საბავშვო საწოლის და თეთრეულის გარეშე ფონს ვერ გახვალთ.

ცხადია, ვიცით, რომ თანამედროვე ადამიანი ქვის ხანაში არ ცხოვრობს და ბავშვის მოვლისთვის უამრავი ნივთის შეძენა ხდება საჭირო. ჩვილი ბავშვის გაზრდა საკმაოდ რთულია. ახალშობილის მოვლის პროცედურების გასამარტივებლად დედებს სხვადასხვა პროდუქტის შეძენა უწევთ.

ჩვენს სტატიაში ახალბედა მშობლებს სპეციალურ ნუსხას ვთავაზობთ, რომელიც 4 კატეგორიად იყოფა. პირველ კატეგორიაში ის ნივთები და პროდუქტები გავაერთიანეთ, რომლებიც ბავშვის მოვლისთვის აუცილებლად გჭირდებათ, მეორე კატეგორიაში ისეთ ნივთებს ვაერთიანებთ, რომლებშიც მშობლების ნაწილი ზედმეტ თანხებს არ ხარჯავს და ჩვილის მოვლას მათ გარეშეც იოლად ახერხებს, მესამე კატეგორიაში იმ ნივთებს გამოვკვეთთ, რომელთაც უმეტესად დეკორატიული დატვირთვა აქვთ და როგორც წესი, მშობლები გამოუცდელობის გამო ყიდულობენ, მეოთხე კატეგორიაში კი ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ნივთებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელთა ყიდვას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ.

საბავშვო ავეჯი

  • აუცილებლად დაგჭირდებათ: საბავშვო საწოლი, ეტლი და მატრასი.
  • სასრუველია შეიძინოთ: გამოსაცვლელი მაგიდა, სარწეველა, საბავშვო მონიტორი.
  • ნაკლებად გამოსადეგია: საჭმლის ჩასაწყობი კალათა.
  • ბავშვისთვის საფრთხის შემცველია: მეორადი საბავშვო დაწნული კალათა (უსაფრთხოების მიზნით ახალი უნდა შეიძინოთ).

საბავშვო თეთრეული

  • აუცილებლად დაგჭირდებათ: საბავშვო საწოლის თეთრეული (2 წყვილი), ბამბის თხელი ზეწრები (რამდენიმე), მატრასის წყალგამძლე დამცავი (2 ცალი).
  • ნაკლებად გამოსადეგია: საწოლის დეკორატიული მოსართავები.
  • ბავშვისთვის საფრთხის შემცველია: ბალიშები (ჩვილთა მოულოდნელი გარდაცვალების სინდრომის რისკი), ბალიშებიანი მატრასი.

ბავშვთა უსაფრთხოება

  • აუცილებლად დაგჭირდებათ: პატარა კარი კიბეების თავსა და ბოლოში, უჯრებისა და კარის ჩამკეტები, ჩამრთველის დამცავი, ავეჯის სამაგრი.
  • სასურველია შეიძინოთ: მაგიდის კუთხეების დამცავი, საჭირო ოთახის საკეტი.

ბავშვთა ხელოვნური კვება

  • აუცილებლად დაგჭირდებათ: საბავშვო ბოთლები და ჩვილისთვის განკუთვნილი ბოთლის საწოვარა, ბოთლის საწმენდი ჯაგრისი, ბოთლის საშრობი, საბავშვო ფორმულა, პირსაწმენდები, წინსაფრები, თერმოსი და პატარა მაცივარი.
  • სასურველია შეიძინოთ: ბოთლის სტერილიზატორი.
  • ნაკლებად გამოსადეგია: ბოთლის გამათბობელი (ცხელი წყლით საჭმლის გათბობას იგივე დრო უნდა), ბოთლის ჩასადები.

ძუძუთი კვება

  • აუცილებლად დაგჭირდებათ: ბალიში ძუძუთი კვებისთვის, მეძუძურის ბიუსჰალტერი, მკერდის საფენები, საბავშვო წინსაფარი, საბავშვო პირსაწმენდი.
  • სასურველია შეიძინოთ: მკერდის ტუმბო, დედის რძის შესანახი კონტეინერი, ძუძუსთავების კრემი.

აბაზანა და ჰიგიენა


  • აუცილებლად დაგჭირდებათ: 2 თბილი პირსახოცი, ხაოიანი პატარა პირსახოცები, საბავშვო აბაზანა, აბაზანის შეზლონგი, საბავშვო შამპუნი და ტანის გელი, საბავშვო სავარცხელი, საბავშვო მაკრატელი, ბამბის ტამპონები, ყურის საწმენდი ჩხირები, საბავშვო საფენები.
  • სასურველია შეიძინოთ: აბაზანის სათამაშოები, აბაზანის თერმომეტრი.
  • ნაკლებად გამოსადეგია: საბავშვო ხალათი (ჩვილს დაბანის შემდეგ ტანსაცმელი უნდა ჩააცვათ).

საბავშვო ტანსაცმელი

  • აუცილებლად დაგჭირდებათ: 7 ცალი ან მეტი ბოდე, 3-4 საბავშვო მაისური, რამდენიმე დახურული რომპერი, რამდენიმე საბავშვო სამეული (შარვალი, ბოდე, მოსაცმელი), 7 წყვილი პიჟამა, ქუდები (თბილი და ცივი სეზონისთვის, კარდიგანი, ზამთრის თბილი კომბინიზონი, 6 წყვილი წინდა.
  • სასურველია შეიძინოთ: სადღესასწაულო ტანისამოსი, საგარეო ტანსაცმელი, საძილე ტომარა.
  • ნაკლებად გამოსადეგია: ფეხსაცმელი (ახალშობილს არ სჭირდება).

სამედიცინო დანიშნულების ნივთები

  • აუცილებლად დაგჭირდებათ: თერმომეტრი, საბავშვო დამატენიანებელი კრემი, საბავშვო სიცხის დამწევი.
  • სასურველია შეიძინოთ: ცხვირის ასპირატორი, ანტიკოლიკური საშუალებები, საბავშვო ცხვირის წვეთები.

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის საჭირო" - ინფექციონისტი

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის  საჭირო" - ინფექციონისტი

როდისაა ანტიბიოტიკების მიღება რეკომენდებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ თავი აარიდოს არასასურველ პროცესებს? ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ,,იმედის" გადაცემაში - ,,ჩვენი ოჯახი" სტუმრობისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არსებითია, მშობელმა ექიმს მიმართოს, როდესაც არ იცის, რასთან აქვს საქმე.

,,ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე და არა ვირუსზე - ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ დიფერენცირება, რომელთან გვაქვს საქმე ან ხომ არ გართულდა ვირუსული ინფექცია და გახდა ის ბაქტერიული. სახლის პირობებში რომ მშობელმა ეს შეძლოს, არის ძალიან რთული. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ თუ ჩვენ არ მოგვწონს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვფიქრობთ, რაღაც მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი, უნდა მივმართოთ ექიმს და ის გადაწყვეტს, უნდა მისცეს თუ არა ბავშვს ანტიბიოტიკი. ამის საკუთარი ინტერპრეტირება მშობელმა არ უნდა მოახდინოს.

ხანდახან შესაძლოა,  ვირუსიც გაგრძელდეს ათი დღის განმავლობაში და არ იყოს საჭირო ანტიბიოტიკი, ხანდახან კი შესაძლოა, ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ მეორე-მესამე დღესაც იყოს საჭირო მისი მიღება. ამის შეფასება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით უნდა მოხდეს ექიმის მიერ, რადგან შესაძლოა, ბავშვს მშობელმა ანტიბიოტიკი ისეთ დროს მისცეს, როცა ეს არ შეიძლება ან პირიქით, დაგვიანებულად მისცეს და ბავშვის მდგომარეობა გართულდეს. 10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის ხოლმე საჭირო, ზოგად სტატისტიკას თუ ავიღებთ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რძის პროდუქტების მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ის აუცილებელია როგორც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ასევე - ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და იმუნური სისტემისთვის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად ვებრძოლოთ ვირუსს", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. 

წყარო: ​,,ჩვენი ოჯახი"

წაიკითხეთ სრულად