მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მიუხვდნენ თავიანთ პატარებს მაშინ, როცა ისინი ჯერ ვერ ლაპარაკობენ. კომუნიკაცია ჩვილებთან საკმაოდ რთულია. თუმცა არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რას საჭიროებს ბავშვი კონკრეტულ მომენტში. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი მშობლებს კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე
მეთოდს, რომელიც სანამ პატარა ლაპარაკს ისწავლის, მისი საჭიროებების მიხვედრაში დაგეხმარებათ:
ტირილი
1.ტირილი ძილის გამო
ძილის ნაკლებობის გამო ყველა ადამიანი გაღიზიანებული და უხასიათოა. ასევე ხდება ბავშვებშიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურთ ძილი და ვერ ახერხებენ დაძინებას. ამ დროს მათ ახასიათებთ გრძელი, გაბმული ტირილი, რომლითაც წუწუნს და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
2. ტირილი შიმშილის გამო
თავიდან ეს „უბრალო“ ტირილია, თუმცა თუ მშობლის მხრიდან საჭირო რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა ისტერიულ ტირილშიც გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ამოძრავებს თავს, ასევე ტუჩების უჩვეულო მოძრაობით გამოსცემს ბგერებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს შია.
3. ტირილი ტკივილის გამო
ასეთ დროს ტირილი ჩვეულებრივზე მეტად ხმამაღალი და ხანგრძლივია. ტკივილის სიძლიერესთან ერთად იმატებს ისტერიულად ტირილიც. როდესაც ბავშვი იღლება, ტირილს დაბალ ხმაზე აგრძელებს.
4. ტირილი დისკომფორტის გამო
როდესაც ბავშვს ძალიან სცივა, სცხელა ან საფენის გამოცვლა სჭირდება, ტირილი უწყვეტი და ძალიან მწყრალია (ემოციური, გაბრაზებული). ასევე დისკომფორტს უკონტროლო მოძრაობებით და ხერხემალში მოხრითაც გამოხატავენ.
5. ტირილი, რომლითაც ახალშობილი თავისთან „გვიხმობს“
თუ ბავშვი 5-6-ჯერ წამოიტირებს, შემდეგ კი წყვეტს და 20 წამში ისევ აგრძელებს, სურს, ვინმემ ხელში აიყვანოს და გაართოს. თუ მასთან არავინ მივა ტირილის ციკლი ისევ გაგრძელდება.
6. ფსიქოლოგიური ხასიათის ტირილი
შებერილობის, გაზების, შარდვის ან დეფეკაციის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს დისკომფორტს, რასაც ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილით გამოხატავს.
7. ტირილი არასასურველი გარემოს გამო
ამ ტიპის ტირილი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ მოსწონს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ის ამ ჟესტით გამოხატავს უკმაყოფილებას.
მოძრაობა
1. ზურგის მოხრილობა (თაღოვანი)
ეს მოძრაობა 2 თვემდე ბავშვებში ძალიან სპეციფიკურია. შესაძლოა, იგი გამოწვეული იყოს, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ახალშობილი უკვე დანაყრებულია თუ ასე საკვების მიღების შემდეგ იქცევა. გარდა ამისა, 2 თვის შემდეგ ბავშვები ამ ჟესტით დაღლილობასაც გამოხატავენ.
2. მუშტის შეკვრა
როგორც წესი, ახალშობილები მუშტს კრავენ შიმშილის დროს. თუ თქვენი პატარას ეს ჟესტი არ გამოგეპარებათ, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ტირილი და სხვა სახის უსიამოვნება.
3. ყურზე ხელის ჩაჭიდება
ეს ჟესტი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი საკუთარ სხეულს იკვლევს და იძიებს ახალ დეტალებს. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება, უმჯობესია, საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს.
4. მხრის უცაბედი შეკუმშვა
ეს მოძრაობა ხშირია შიშის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ესმის ხმამაღალი ხმები ან ხედავს მკვეთრ შუქს.
5. თავის ბრუნვა
ბევრი ბავშვისთვის ეს მოძრაობა დამაწყნარებელია. როდესაც ძილისთვის ემზადებიან ან დამშვიდებას ცდილობენ, პატარები ამ ჟესტს მიმართავენ.
6. ფეხის აწევა
ეს მოძრაობა გამოხატავს მწვავე და ძლიერ ტკივილს. ასე ბავშვები ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამ ჟესტების ცნობა დაგეხამრებათ ზუსტად გაიგოთ, თუ რა სურს ბავშვს. მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნიკაციის სიმცირით გამოწვეულ სტრესს და ხელს შეუწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენსა და ახალშობილს შორის.
სამი ყველაზე გავრცელებული დაავადება ჩვილ ბავშვებში
ბავშვის ავად გახდომა ნებისმიერი მშობლისთვის შემაშფოთებელია, თუმცა, თუ საქმე ჩვილის ჯანმრთელობას ეხება, შფოთვა ორმაგად მატულობს. მართალია, მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ პატარების ჯანმრთელობა საფრთხისგან დაიცვან, მაგრამ ყველაზე ჯანმრთელი ბავშვებიც კი ზოგჯერ ავადდებიან. ნებისმიერმა მშობელმა უნდა იცოდეს, თუ რომელი დაავადებებია ყველაზე გავრცელებული ბავშვებში. ჩვილებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ, რის გამოც მათ ორგანიზმს ბანალურ გაციებასთან გამკლავებაც კი უჭირს. სწორედ ამიტომ, ბავშვის სიცოცხლის პირველი ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის მანძილზე უარესდება, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი
რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი განსაკუთრებით ხშირია ორ წლამდე ასაკის ბავშვებში. ის ფილტვებისა და სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევს. ჯანმრთელ ბავშვებში რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი ჩვეულებრივი გაციების სიმპტომებით შემოიფარგლება, თუმცა სუსტი იმუნიტეტის მქონე პატარებისთვის ძალიან საშიშია. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ის სწრაფად გადაიზრდება ბრონქიტსა და პნევმონიაში. აღნიშნული ვირუსი ჩვილების ჰოსპიტალიზაციის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად გვევლინება.
რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის ძირითადი სიმპტომები:
სურდო და მადის დაქვეითება
ხველება, ცემინება, სუფებრილური ტემპერატურა (პირველადი მსუბუქი სიმპტომების აღმოცენებიდან 1-3 დღეში)
ცხელება
გახშირებული სუნთქვა
სუნთქვის გაძნელება
ხრიალის ხმა სუნთქვისას
კანის მოლურჯო შეფერილობა (რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ორგანიზმს ჟანგბადი სათანადოდ არ მიეწოდება)
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით დაავადდა:
ვირუსის სპეციალური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს.
ვირუსის პროგრესირებისა და პნევმონიის განვითარების შემთხვევაში ექიმი ბავშვს ანტიბიოტიკს დაუნიშნავს.
ბავშვისთვის შვების მომტანია ორთქლის აბაზანის გამოყენება.
ოთახში ჰაერის ტენიანობა უნდა გაზარდოთ.
ბავშვს სასთუმალი აუმაღლეთ.
პატარას დიდი რაოდენობით წყალი მიეცით.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში სუნთქვის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ზღვის მარილის წვეთები.
სიცხის დამწევის გამოყენებამდე აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ექიმს. ჩვილებისთვის ყველა სახის მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება.
მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
როგორ უნდა დაიცვათ ბავშვი რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსისგან?
აღნიშნული ვირუსის ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ ბავშვს ყოველდღიური ჰიგიენის წესების დაცვა უნდა ასწავლოთ.
გასტროეზოფაგური რეფლუქსი
გასტროეზოფაგური რეფლუქსი აშკარად შესამჩნევი სიმპტომებით იშვიათად ვლინდება და ბავშვებს დისკომფორტსაც ნაკლებად უქმნის, თუმცა, თუ ის რთული ფორმით მიმდინარეობს, შემდეგი სიმპტომები იკვეთება:
საკვების მიღების შემდეგ დისკომფორტი
ხშირი ამოქაფება
გახშირებული სლოკინი
რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა?
ბავშვს თავი მაღლა აუწიეთ.
ჭამის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში ჩვილი ვერტიკალურ პოზაში გეჭიროთ.
ბავშვი დღის განმავლობაში ხშირად და მცირე ულუფებით გამოკვებეთ.
6 თვიდან სოლიდურ კვებაზე გადასვლა ბავშვის მდგომარეობას შეამსუბუქებს.
აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, თუ:
ბავშვი წონაში არ იმატებს.
ხშირად და ძლიერად აღებინებს.
ბავშვი სისხლს ან მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის ლორწოს ამოიღებს.
კვებაზე უარს აცხადებს.
ბავშვს განავალში სისხლი აქვს.
ქრონიკულად ახველებს ან სუნთქვა უჭირს.
ღებინებას და ამოქაფებას 6 თვის ასაკიდან იწყებს.
მსუბუქი ფორმის რეფლუქსის დროს მედიკამენტებით მკურნალობა საჭირო არ არის. ზემოთ დასახელებული ღონისძიებები გასტროეზოფაგური რეფლუქსის პრევენციაში დაგეხმარებათ.
ყურის ინფექციები
ყურის ინფექცია სხვადასხვა სახისაა. ბავშვებში ყველაზე მეტად გავრცელებული შუა ყურის ინფექცია, იგივე შუა ყურის ოტიტია. ამ დროს შუა ყურში სითხე გროვდება და ანთებითი პროცესი იწყება, რის გამოც ინფექცია მტკივნეული მიმდინარეობით ხასიათდება. ბავშვებს ის ძალიან ხშირად უმეორდებათ, რის გამოც მშობლებს ყურის ინფექციების ყველაზე მეტად ეშინიათ.
ყურის ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
ტემპერატურის მატება
ყურის ტკივილი (ბავშვი ხშირად იკიდებს ყურზე ხელს)
ღებინება და დიარეა (მხოლოდ ჩვილებში)
სმენის დაქვეითება
ბალანსის პრობლემები
ტირილი
მადის დაქვეითება
ძილის დარღვევები
ყურის ინფექციების დიდი ნაწილი თავისთავად გაივლის და მკურნალობა არ სჭირდება. თუ სიმპტომები მძიმეა, ბავშვებს შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობენ.
ყურის ინფექციების პრევენციისთვის:
ჩვილი სულ მცირე ექვსი თვის მანძილზე დედის რძით გამოკვებეთ.
თუ ბავშვს ბოთლით კვებავთ, მისი თავი ყოველთვის მუცელზე მაღლა უნდა გეჭიროთ.
ერთ წლამდე ასაკის ბავშვი მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოარიდეთ.
ბავშვი არ გააჩეროთ ისეთ სივრცეში, სადაც მწეველები არიან.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება რომ არ გამოგეპაროთ, დააკვირდით პატარას ქცევას, განწყობას და ნებისმიერი უმნიშვნელო სიმპტომის მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ.