მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მიუხვდნენ თავიანთ პატარებს მაშინ, როცა ისინი ჯერ ვერ ლაპარაკობენ. კომუნიკაცია ჩვილებთან საკმაოდ რთულია. თუმცა არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რას საჭიროებს ბავშვი კონკრეტულ მომენტში. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი მშობლებს კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე
მეთოდს, რომელიც სანამ პატარა ლაპარაკს ისწავლის, მისი საჭიროებების მიხვედრაში დაგეხმარებათ:
ტირილი
1.ტირილი ძილის გამო
ძილის ნაკლებობის გამო ყველა ადამიანი გაღიზიანებული და უხასიათოა. ასევე ხდება ბავშვებშიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურთ ძილი და ვერ ახერხებენ დაძინებას. ამ დროს მათ ახასიათებთ გრძელი, გაბმული ტირილი, რომლითაც წუწუნს და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
2. ტირილი შიმშილის გამო
თავიდან ეს „უბრალო“ ტირილია, თუმცა თუ მშობლის მხრიდან საჭირო რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა ისტერიულ ტირილშიც გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ამოძრავებს თავს, ასევე ტუჩების უჩვეულო მოძრაობით გამოსცემს ბგერებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს შია.
3. ტირილი ტკივილის გამო
ასეთ დროს ტირილი ჩვეულებრივზე მეტად ხმამაღალი და ხანგრძლივია. ტკივილის სიძლიერესთან ერთად იმატებს ისტერიულად ტირილიც. როდესაც ბავშვი იღლება, ტირილს დაბალ ხმაზე აგრძელებს.
4. ტირილი დისკომფორტის გამო
როდესაც ბავშვს ძალიან სცივა, სცხელა ან საფენის გამოცვლა სჭირდება, ტირილი უწყვეტი და ძალიან მწყრალია (ემოციური, გაბრაზებული). ასევე დისკომფორტს უკონტროლო მოძრაობებით და ხერხემალში მოხრითაც გამოხატავენ.
5. ტირილი, რომლითაც ახალშობილი თავისთან „გვიხმობს“
თუ ბავშვი 5-6-ჯერ წამოიტირებს, შემდეგ კი წყვეტს და 20 წამში ისევ აგრძელებს, სურს, ვინმემ ხელში აიყვანოს და გაართოს. თუ მასთან არავინ მივა ტირილის ციკლი ისევ გაგრძელდება.
6. ფსიქოლოგიური ხასიათის ტირილი
შებერილობის, გაზების, შარდვის ან დეფეკაციის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს დისკომფორტს, რასაც ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილით გამოხატავს.
7. ტირილი არასასურველი გარემოს გამო
ამ ტიპის ტირილი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ მოსწონს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ის ამ ჟესტით გამოხატავს უკმაყოფილებას.
მოძრაობა
1. ზურგის მოხრილობა (თაღოვანი)
ეს მოძრაობა 2 თვემდე ბავშვებში ძალიან სპეციფიკურია. შესაძლოა, იგი გამოწვეული იყოს, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ახალშობილი უკვე დანაყრებულია თუ ასე საკვების მიღების შემდეგ იქცევა. გარდა ამისა, 2 თვის შემდეგ ბავშვები ამ ჟესტით დაღლილობასაც გამოხატავენ.
2. მუშტის შეკვრა
როგორც წესი, ახალშობილები მუშტს კრავენ შიმშილის დროს. თუ თქვენი პატარას ეს ჟესტი არ გამოგეპარებათ, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ტირილი და სხვა სახის უსიამოვნება.
3. ყურზე ხელის ჩაჭიდება
ეს ჟესტი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი საკუთარ სხეულს იკვლევს და იძიებს ახალ დეტალებს. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება, უმჯობესია, საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს.
4. მხრის უცაბედი შეკუმშვა
ეს მოძრაობა ხშირია შიშის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ესმის ხმამაღალი ხმები ან ხედავს მკვეთრ შუქს.
5. თავის ბრუნვა
ბევრი ბავშვისთვის ეს მოძრაობა დამაწყნარებელია. როდესაც ძილისთვის ემზადებიან ან დამშვიდებას ცდილობენ, პატარები ამ ჟესტს მიმართავენ.
6. ფეხის აწევა
ეს მოძრაობა გამოხატავს მწვავე და ძლიერ ტკივილს. ასე ბავშვები ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამ ჟესტების ცნობა დაგეხამრებათ ზუსტად გაიგოთ, თუ რა სურს ბავშვს. მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნიკაციის სიმცირით გამოწვეულ სტრესს და ხელს შეუწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენსა და ახალშობილს შორის.
„როდესაც ბავშვი სტრესშია, საუბარი ნაკლებად მუშაობს, მოსმენის უნარი არ აქვს ამ დროს ბავშვს,“ - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი
ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი „იმედის დღეში“ პოლ მაკლინის მიერ შექმნილ ტვინის მოდელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ადამიანს სამი განსხვავებული ტვინი აქვს:
„ადამიანებს აქვთ სამი განსხვავებული ტვინი. ყველაზე ძველი ნაწილი არის ქვეწარმავლის ტვინი, რომელიც შეიქმნა განმარტოვებული, განცალკევებული არსებებისთვის. მან საფრთხის შემთხვევაში უნდა დაიცვას თავი და გადარჩეს. წითელ ტვინს ძუძუმწოვრის ტვინს ეძახიან, ის უმკლავდება კომპლექსურ მოთხოვნებს, რომლებიც სოციალურ არსებებს აქვთ. ეს არის ურთიერთობები ჯგუფში სხვადასხვა წევრებთან, ბავშვის აღზრდა, მოვლა, პრიმიტიული ემოციები, მტრის დანახვა და შემჩნევა. წითელი ტვინი კავშირს ამყარებს ქვეწარმავლის ტვინთან, რომ დახმარება სთხოვოს საფრთხის შემთხვევაში. ის იმახსოვრებს ინფორმაციას, რომ მომავალში საფრთხე ამოიცნოს. ყველაზე ბოლოს არის ახალი ქერქი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ადამიანებს, რომ ვიფიქროთ, ვუსმინოთ, ვისაუბროთ, გავაცნობიეროთ, რა ხდება ჩვენ შიგნით და გარშემო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ გვანახოს რა პროცესები მიმდინარეობს ტვინში ნეირონულ დონეზე. ლურჯი ტვინი არის რაციონალური ქცევების ბუდე, წითელი ტვინი არის ირაციონალური, ქვეწარმავლის ტვინი არის პრელინგვისტური, მას რაციონალურთან შეხება საერთოდ არ აქვს.“
ნინო მარგველაშვილის თქმით, ბავშვები სტრესის დროს თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, რის გამოც ისინი რთულ ქცევას ავლენენ, ამ დროს მშობლები თვლიან, რომ ბავშვი ცუდად იქცევა:
„ჭარბი სტრესის დროს ირთვება განგაშის ზარი. ბავშვთან ეს როგორ გამოიხატება? ის იწყებს ყვირილს, ტირილს, ცუდი ფიქრები უჩნდება. ეს ყველაფერი არის სიგნალი, რომ შოუ მიჰყავს წითელ ტვინს. მშობლები ამ დროს ბავშვთან მიდიან და ეუბნებიან: „კარგი რა, რა მოგივიდა? რა გატირებს?“ ეს არ მუშაობს, იმიტომ, რომ წამყვანი არ არის ლურჯი ტვინი, რომელსაც ესმის, რომელსაც დასკვნების გაკეთება შეუძლია. როდესაც მშობელი დაინახავს განსხვავებას, რომ ეს ცუდი ქცევა კი არ არის, ეს ბავშვი არის სტრესში, მშობლის მიზანი უნდა იყოს, რომ დაამშვიდოს ძუძუმწოვრის ტვინი. პირველი მნიშვნელოვანი რამ არის, რომ განსხვავება დაინახოთ, დაფიქრდეთ: „ახლა ჩემი შვილი ცუდად იქცევა, თუ ეს სტრესული ქცევაა?“ როგორც კი დაიწყებთ გაცნობიერებას, რომ ბავშვს ძალა აქვს გამოცლილი და ორგანიზმი ასე ცდილობს, რომ ეს დაგვანახოს, თქვენი სტრესის დონე მცირდება. მერე უკვე აღარ გიჩნდებათ კითხვა: „როგორ?“ ფიქრობთ სხვადასხვა გზაზე: „ხომ არ მოვეფერო ბავშვს? ხომ არ გავიდე ოთახიდან და მარტო დავტოვო? საყვარელი მუსიკა ხომ არ ჩავურთო?“
„როდესაც ბავშვი სტრესშია, საუბარი ნაკლებად მუშაობს. მოსმენის უნარი არ აქვს ამ დროს ბავშვს. შეიძლება თქვენ უთხრათ: „დე, მიყვარხარ.“ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორი ხმით ეუბნებით ამას ბავშვს, გამოხედვა როგორი გაქვთ, პოზა როგორი გაქვთ. წითელი ტვინი ეძებს უსაფრთხოებას, რომ დამშვიდდეს. დამამშვიდებელი სხვადასხვა ხერხი არსებობს: შეხება, ხმა, გამოხედვა, ჟესტები და ა.შ. ეს ყველაფერი ეფუძნება კანადურ მეთოდს. ეს არის რევოლუციური მეთოდი, რომელიც ნეირომეცნიერებაში უახლეს კვლევებს ეყრდნობა. ეს ცვლის ჩვენს ხედვას, თუ რა ხდება ბავშვის ტვინში, როდესაც ის სტრესშია,“ - აცხადებს ნინო მარგველაშვილი.