Baby Bag

სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მეტი არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ

სიახლე აბიტურიენტებისთვის  - 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მეტი არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობებს სთავაზობს.

2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

მაგალითისათვის, აბიტურიენტებს საბუნებისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის მესამე სავალდებულო საგნად შესაძლებლობა აქვთ, გარდა მათემატიკისა და ისტორიისა, აირჩიონ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ხოლო სახელოვნებო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, ისტორიისა და მათემატიკის გარდა, არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება ლიტერატურას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას შორის და ა.შ.

აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს გაუზრდის მათთვის სასურველი ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობას და დაეხმარება უნივერსიტეტში სწავლის პროცესში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის უკეთ ათვისებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებში გაზრდის ინტერესს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგნის მიმართ.

2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხება გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ვაკანსია გამოცხადდა

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ვაკანსია გამოცხადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე გამოაცხადა:

კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტის თანაშემწე; (სამუშაო აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში)

შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: (იხილეთ დანართი)

დაინტერსებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული პოზიციებისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: hr@tpdc.ge 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.

როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, სავალდებულოა, მეილის სათაურის ველში მითითებულ იქნას სასურველი ქალაქი/რაიონი და სკოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები არ განიხილება.

მათივე ინფორმაციით, ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ვაკანსიის გამოცხადების თარიღი 18/09/2019

ვაკანსიის მოქმედების ვადა 23/09/2019

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 2200 220 (4906)

წაიკითხეთ სრულად