Baby Bag

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა
გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი. დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პირველად შედეგებს ბიოლოგიასა და ფიზიკაში.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
ბიოლოგიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე. ი. 17.50 ქულაზე) მეტი.

ფიზიკის მაქსიმალური ქულაა 75. საგამოცდო საგნის ჩასაბარებლად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე.ი. 18.75 ქულაზე) მეტი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პერიოდში პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა“ - გიორგი გახარია

აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა:

„ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და 25 ივლისამდე გრძელდება. ეს საკითხი ადარდებს როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებს. დღეს დილით გვქონდა შესაბამისი თათბირი, როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ეპიდემიოლოგებთან და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ და რომელზეც შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ შემდეგი - იქიდან გამომდინარე, რომ განთლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით, შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, შემდგომ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად