Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

ტრენინგებზე, რომლებიც 10 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ, რეგისტრაცია დაიწყო

ტრენინგებზე, რომლებიც 10 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ, რეგისტრაცია დაიწყო
მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე შემოდგომაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ტრენინგები, რომლებიც 10 კრედიტის მოპოვებაში დაეხმარებათ. 

„მასწავლებლებს, რომლებიც შემოდგომაზე გადიან გამოცდაზე, შესაძლებლობა ეძლევათ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ტრენინგები გაიარონ. სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარებათ მასწავლებლებს, გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარონ. ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომელთა ნაწილიც თავად ასწორებს ამ გამოცდას. კურსის გავლის შემდეგ, მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცემათ,“ - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

პედაგოგებს კურსის დასაწყისში ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები მიეწოდებათ. 


რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ საგნებზე:

  • დაწყებითი კომბინირებული კურსი - ქართული, მათემატიკა, ბუნება, აკადემიური უნარები

კურსის ხანგრძლივობაა 48 საათი (2 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, თითო სესიის ხანგრძლივობაა 3 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 200 ლარი, ონლაინ - 150 ლარი;

  • მათემატიკა I-VI - მათემატიკა, აკადემიური უნარები

კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი (1,5 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 3 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 200 ლარი, ონლაინ -150 ლარი

  • მათემატიკა VII-XII: მათემატიკა, უმაღლესი მათემატიკა - კალკულუსი, ანალიზური გეომეტრია, კომპლექსური ცვლადები, წრფივი დაპროგრამების ამოცანა და ა.შ.

კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი (1,5 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 3 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 200 ლარი, ონლაინ -150 ლარი;

  • აკადემიური უნარები - ანალიტიკური წერა, ტექსტის გააზრება

კურსის ხანგრძლივობაა 18 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 2 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 150 ლარი, ონლაინ - 120 ლარი.

რეგისტრაცია სრულდება 25 აგვისტოს. ტრენინგები დაიწყება 27 აგვისტოდან.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმუ​ლს

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგო​გთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.


R.

წაიკითხეთ სრულად