Baby Bag

,,თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!'' - განათლების მინისტრის მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

,,თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!'' - განათლების მინისტრის მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

​,,ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას.

ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი „ბოლო ზარი" - დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ.

მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას.

ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, უზრუნველგვეყო სასწავლო პროცესის უწყვეტობა. ალბათ დღეს, როგორც არასდროს, ცხადი გახდა ამ ამოცანის მნიშვნელობა, რადგან ამ თუ სხვა გამოწვევათა დაძლევა მხოლოდ ცოდნით, განათლებით, მეცნიერებით შეიძლება.

და უკვე ხვალიდან, როდესაც თქვენს წინაშე უამრავი ახალი პერსპექტივა იხსნება, უკეთესი მომავლის უმთავრესი შემოქმედები სწორედ თქვენ ხართ. ცოდნის გაღრმავების ჟინით, გამოწვევებისადმი მზაობით, ნოვატორული მიდგომებით უნდა იკისროთ საკუთარი, ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის ბედის წარმართვა.

ასე რომ, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება - ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით.

თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!

წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე!''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მილოცვა მე-12 კლასელებს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საკომიტეტო მოსმენისას სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სკოლის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ბიუჯეტი, რომელიც განათლების კუთხით ყოველწლიურად იზრდება, მიმართული იქნება როგორც მასწავლებლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: აშენდა 27 ახალი სკოლა, აქედან 2 თბილისში, 25 რეგიონში. დასრულდა 141 სკოლის რეაბილიტაცია. 884 სკოლას მივეცით ფინანსური რესურსი, რომლითაც თავად იზრუნებს სკოლის საჭიროებებზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება. ჩვენი გათვლებით, რომელიც უკვე დეტალურად შემუშავებული გვაქვს, ყოველწლიური ბიუჯეტის ზრდის პირობებში, სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას.
ეს ნიშნავს რომ ჩვენი სკოლები უზრუნველყოფილი იქნება დასავლური სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა იმ ლაბორატორიით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გამოსვლისას.

წაიკითხეთ სრულად