ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
„ბაღისა და სკოლის ზეიმებში როლების უთანასწორო განაწილება ბავშვებს ტრავმას აყენებს და თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს“
უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, სოციალურ ქსელში სკოლისა და ბაღის დირექციას და მასწავლებლებს მიმართავს, რომ ზეიმებზე ბავშვებს როლები თანაბრად გაუნაწილონ, წინააღმდგე შემთხვევაში, ამას რეაგირება მოყვება.
„არსებობს ბავშვების გულის ტკენის და უთანასწორობის ასეთი ფორმა: ბაღის და სკოლის ზეიმებში როლების (ლექსების, სიმღერების) უთანასწორო განაწილება. ეს ბავშვებს ტრავმას აყენებს და თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს.
როცა ბავშვების მიმართ უთანასწორობის ასეთ შემთხვევებზე მოგვმართავენ, ამას სრულიად სერიოზულად ვეკიდებით. ცოტა ხანში ბევრ სკოლას და ბაღს მოგივათ ჩვენი წერილები ამ თემაზე. თუ არ გაითვალისწინებთ, საჩივრებიც და, შეიძლება, სასამართლო უწყებაც ჩაგაბარონ.
საერთოდ არ ვხუმრობ. თუ არ შეგიძლიათ ყველა ბავშვის თანასწორად ჩართვა და ბავშვებისთვის ახსნა, ნუ ატარებთ.
ამ დროს, ბავშვები, ფაქტიურად პირველად, სვამენ კითხვებს სამყაროში სამართლიანობის და თანასწორობის თემაზე. უფროსებმა იმედი არ უნდა გავუცრუოთ“, - წერს ანა არგანაშვილი.