ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
სასწავლო წლის დასაწყისში, მანდატურის სამსახური დამატებით 41 საჯარო სკოლაში შევა
2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში, მანდატურის სამსახური დამატებით 41 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი, - ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, სასწავლო პროცესის დაწყებისას, საქართველოს მასშტაბით, 527 საჯარო სკოლა ისარგებლებს.
,,მანდატურობის კანდიდატთა ახალმა ნაკადმა წარმატებით დაასრულა 2 თვიანი მოსამზადებელი კურსი შსს-ს აკადემიაში. ახალი სასწავლო წლიდან, ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში გადანაწილდებიან. 109 ახალ თანამშრომელს მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე შეხვდა, მათ მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა. 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში, მანდატურის სამსახური დამატებით 41 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი: შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და რაჭაში. სასწავლო წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახური კიდევ 61 საჯარო სკოლაში შევა," - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.