Baby Bag

რა უნდა ვიცოდეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ? - სიახლეები 2020

რა უნდა ვიცოდეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ? - სიახლეები 2020

2020 წელს აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ:

1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

2. უცხოურ ენაში.

მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა;

3. ბიოლოგია;

4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

2019 წლის ჩათვლით შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ. 2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა.

სტუდენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

უმაღლესი სასწავლებლების მცირე ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. დეტალური ინფორმაცია მოცემულია 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში.

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევიდა. წინა წლების მსგავსად ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.

სიახლე ისტორიისა და მათემატიკის ტესტებში

სიახლე უცხოური ენების ტესტებში

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სხვადასხვა საგანში

აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამები

იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ძველი წესით მოხდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მათემატიკისა და ხელოვნების გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა

მათემატიკისა და ხელოვნების გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა

აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნება დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პირველად შედეგებს მათემატიკაში, ასევე სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

ცენტრის ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.g​e შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე (ე. ი. 11.8 ქულაზე) მეტი.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70. საგამოცდო საგნის ჩასაბარებლად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე.ი. 17.5 ქულაზე) მეტი - ვინაიდან ამ საგანში გამოყენებული იყო ტესტის მხოლოდ ერთი ვარიანტი, გათანაბრება არ ხდება.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.
წაიკითხეთ სრულად