Baby Bag

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე
1 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ნახულობს, პასუხებს კი პასუხების ფურცელზე ნიშნავს ან წერს. წელს მცირედი ცვლილება შევიდა 4 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხოური ენები) საგამოცდო ტესტში.

მთავარი სიახლე:

აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ასევე წარიმართება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესიც.

შეიძლება დაინტერესდეთ

პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს მიმართავს

პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდებს, 15 აგვისტოდან აჭარაში ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან:

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო - განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


წაიკითხეთ სრულად